თეგებით ძიება

საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა

საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანდრია ფუტკარაძეს ოჯახის წევრები, მეგობრები, გულშემატკივრები და მუსიკალურ პროექტ „რანინას“ კონკურსანტები დახვდნენ.

„ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება. როდესაც იქ ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა, მართლა. ძალიან გამიხარდა, ძალიან მაგარია, რომ მეგობრები აეროპორტში დამხვდნენ“, – აღნიშნა ანდრია ფუტკარაძემ.

გამარჯვებული სიმღერის ავტორის, გიგა კუხიანიძის თქმით, ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე გამარჯვებას ელოდებოდა.

„ჩემი ინსპირაცია იყო ანდრიას საყვარელი ისტორია და სენტიმენტალური პატარ-პატარა ამბები, რომელმაც შექმნა ეს სიმღერა თავისი იდეით. დედიკოსთვის გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, საჩუქარი და გამოგვივიდა ასეთი საზეიმო წარმატება. ველოდებოდით გამარჯვებას, ახლა შემიძლია ამის თქმა. მანამდე ვერ ვიტყოდი ამას, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ანდრიას ჰქონდა ის ნიჭი, რომელსაც შეეძლო, მოეხიბლა ჟიური, რაც მოხდა კიდეც. შესაბამისად, ამიტომ დაიწერა ასეთი სიმღერა. საერთოდ არ მეშინოდა, რომ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, საცეკვაო ან ტემპიანი სიმღერა. ზუსტად ვიცოდი, რა გათვლაც მქონდა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ანდრიას, რომ შეძლო და 100 პროცენტით, უმაღლეს დონეზე შეასრულა სიმღერა, მიიტანა მსმენელთან ისე, როგორც უნდა მიეტანა. ძალიან ვამაყობ ანდრიათი“, – განაცხადა გიგა კუხიანიძემ.

ევროვიზიაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნათია მშვენიერაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ევროვიზიაზე ასეთი შედეგი დამდგარიყო.

„დამთავრდა საბავშვო ევროვიზია. საქართველომ გაიმარჯვა. გაიმარჯვა ანდრია ფუტკარაძემ. ყველამ იცის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზიური პროექტია საბავშვო ევროვიზია. მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. არაჩვეულებრივი პროექტი „რანინა“, ზოგადად ევროვიზიის ჯგუფი და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი – ამ დაუღალავმა ჯგუფმა, მართლაც მუდმივმა კონტაქტმა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან, მუდმივად მუშაობამ, მოიტანა სწორედ ეს შედეგი, რითაც ძალიან ბედნიერი ვართ დღეს. ანდრიამ ძალიან გაგვახარა, როგორც ჩვენ, დელეგაცია, ასევე მთელი საქართველო“, – აღნიშნა ნათია მშვენიერაძემ.

ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვებამოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.

ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა. საქართველოს წარმომადგენელმა 12 ქულა 12 ქვეყნისგან დაიმსახურა.

ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად, ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმების ავტორი კი იზა ნადარეიშვილია.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა