მოსამართლემ პროკურორების აცილებაზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ე.წ. პიჯაკების საქამის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ პროკურორების აცილებაზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე პროკურორების, გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვისას, პროკურორის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
"ეს განცხადებები არ შეეხება ბრალდებას, ეს განცხადებები არის პოლიტიკური შინაარსის, ვინაიდან ხდება წინა პოლიტიკური კონტექსტის შეფასება და აქედან გამომდინარე უკვე გადადის საქმის მასალებზე. ანუ, რეალურად ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც არ გააჩნია ბრალდების მხარეს, კონკრეტულად ბატონ მუჯირს და ამიტომ, ვითხოვ მის აცილებას აღნიშნული პროცესიდან", — მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.