პუტინის ტყვეობაში ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ - მიხეილ სააკაშვილი
მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია - ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად.
გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წამოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ", - განაცხადა სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.