მას შემდეგ, რაც შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იუსტიციის მინისტრი
მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხეში, განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და არა გატაცება.
"როგორ შეიძლება ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში?! ეს არის აბსურდი. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. როდესაც პატიმარმა უარი განაცხადა მკურნალობის გარკვეული ნაწილის გაგრძელებაზე, ასევე სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზეც, მიღებული იყო ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ ის საჭიროებდა შესაბამის მკურნალობას.
როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი ძალიან მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებდა სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ამ შემთხვევაში რა უნდა გვექნა? - ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე უნდა გვეზრუნა, თავიდან აგვერიდებინა შესაძლო გართულების რისკები, სწორედ ამ მიზნით იყო გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.
პარალელურად არსებობდა შესაბამისი დასკვნა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალისგანაც და თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, - აღნიშნავს ბრეგაძე.