თეგებით ძიება

"რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო" - ნიკა სიმონიშვილი

რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო,- ასე აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერტორის, ლექსო ლაშქარავას საქმის ირგვლის ვდღეს განვითარებულ მოვლენებს.

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი:

ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო (!!!), რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.

მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.

ასევე არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც და რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონოდ რომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის.

ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება", - წერს სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 იანვარს "იუნესკომ" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. დღესვე , შსს-მ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად: ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა