თეგებით ძიება

როგორ შეძლებთ უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანას - პროცედურები

უკვე მეოცე დღეა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა. მათი განმარტებით, ყველაზე მეტი დაშავებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებშია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ბავშვი დაობლდა, თუმცა, ჩვენმა უამრავმა თანამოქალაქემ გამოთქვა უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის სურვილი და როგორც ამბობენ, ამის სისრულეში მოსაყვანად შესაბამისი პროცედურებიც აქვთ დაწყებული.

რამდენად შესაძლებელია უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანა და რა არის ამისთვის საჭირო - ამაზე „პრაიმტაიმს“ იურისტი, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასისტენტ-პროფესორი და სამედიცინო სამართლის მკვლევარი თამარ კერძაია ესაუბრა.

მისი თქმით, უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანა შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის შემდეგი პროცედურების გავლაა საჭირო:

თამარ კერძაია:

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ უკრაინა არ არის ჰააგის კონვენციის კონვენციის ხელმომწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული პროცედურა შვილად აყვანასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით არ აქვს.

ომის პერიოდში გაშვილების საკითხი განვიხილოთ: პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ბავშვს, უშუალოდ ომის პერიოდში არ მიენიჭება გასაშვილებელი სტატუსი, მანამ სანამ ოფიციალურად არ დადგინდება, რომ მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. შეიძლება, მამა გარდაცვლილი გვეგონოს, გავიდეს ხანი და აღმოჩნდეს, რომ მაგალითად, ტყვედ არის ჩავარდნილი. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკია, რომ ბავშვის გაშვილების შემდეგ გამოჩნდეს მშობელი, მისი უკან დაბრუნება და ინტეგრაცია ბავშვისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა.

სწორედ ამიტომ, ვიდრე ოფიციალურად არ დადგინდება ბავშვის მშობლების გარდაცვალება, მანამდე მას გასაშვილებელი სტატუსი არ მიენიჭება. მაშასადამე, ვერც ქართველი, ვერც უკრაინელი და ვერცერთი ეროვნების ადამიანი ვერ იშვილებს.

რა თქმა უნდა, საქმეს ართულებს ისიც, რომ ომის დროს საჯარო სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობა შეზღუდულია. პროცედურულად, უკრაინის მზრუნველობის და მეურვეობის ორგანო ვერ ფუნქციონირებს, კოლაფსშია ეს ინსტიტუცია.

ვთქვათ, მშობელი ოფიციალურად გამოცხადდა გარდაცვლილად ან ნამდვილად გარდაცვლილია და ფაქტი დადგენილია, ასეთ შემთხვევაში, ბავშვს მიენიჭება შვილად ასაყვანი სტატუსი, მაგრამ აქ შემდეგი პროცედურებია:

ვინაიდან უკრაინა არ არის ჰააგის ხელმომწერი, საქართველოს მოქალაქეს არ აქვს იმის კომფორტი, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართოს და პირდაპირ დაამყაროს კავშირი, ამიტომ უნდა მიმართოს უკრაინის შესაბამის ინსტიტუციას და მოხდება ამ ოჯახის შესწავლა. ანუ რამდენად იქმნება ამ ოჯახში სივრცე და გარემო პირობები ბავშვის სრულყოფილად აღზრდის, განათლების მიღებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით.

თუმცა, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი პრიორიტეტები: როდესაც ბავშვი გასაშვილებელი სტატუსის მქონეა, პრიორიტეტი მიენიჭება მის ნათესავს. რადგან გაშვილების უმთავრესი მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაა. ის კი არა, რომ ვინმეს შვილი არ ჰყავს და უბრალოდ უნდა. ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან ამოვდივართ, სადაც მისთვის ყველაზე მარტივია ინტეგრაცია, ნაცნობი გარემო, ისაა პრიორიტეტი.

მეორე პრიორიტეტი შეიძლება იყოს ქვეყანა. პირობითად, ბავშვი ქვეყნის შიგნით, სხვა ოლქში გაშვილდეს, სადაც მშვიდობაა და ა.შ. ასევე, ყურადღება ექცევა კულტურას. სიტყვაზე, შესაძლებელია ბავშვი საზღვარგარეთ გაშვილდეს, მაგრამ უკრაინულ ოჯახში. ასე კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ ბარიერს მარტივად გადალახავს.

რუსმა მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ უკრაინელი ბავშვები აიყვანონ შვილად. უკრაინის ხელისუფლება აქაც ძალიან ფრთხილია. მათაც ხომ აქვთ უფლება, სურვილის გამოთქმის, მაგრამ როგორი სენსიტიური საკითხია... უკრაინელი ბავშვი მოხვდეს რუსულ ოჯახში..

ის, რომ ბავშვის გაშვილება ყოვნდება, არ ნიშნავს, რომ ბავშვი მზრუნველობის გარეშე რჩება. იმ ქვეყანას, სადაც ბავშვი ლტოლვილად ჩადის, აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის საქართველოს, რომ სრულად უზრუნველყოს ბავშვის საცხოვრისი, კვება, განათლება, კულტურული ინტეგრაცია და ყველაფერი, ეს კეთილ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა