"ომის დანაშაულის მხარდაჭერა და ღალატია ეგ" - თამო კეშელავა პრემიერის განცხადებაზე
ჟურნალისტი, თამო კეშელავა პრემიერის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მთავრობის მეთაურმა უკრაინის ომთან დაკავშირებით გააკეთა.
"ღარიბაშვილმა განაცხადა, ვიცოდი მე, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებო ამ ომით, ეს უკრაინა იქნებოდაო...
ანუ, სჯიან დღეს უკრაინას!
და ვინ სჯის? და რისთვის სჯის?
და რომ არ დაესაჯათ, რა უნდა ექნა? დანებებულიყო? და 18 000 რუსი ჯარისკაცი რომაა მოკლული უკრაინის მიწაზე, იცის ნეტავი ეგ პრემიერმა?
ვიცოდი, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც მოხდაო!
ანუ, ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა უკრაინას და ახლა დაერღვა?
და სახლში რომ ჯარი შეუვარდა, ხელები უნდა აეწია და არ დაერღვეოდა?
კიდევ ერთი რუსული, პუტინისტური ნარატივი გაუშვა: ვხედავთ, ოკუპირებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორიები დღეს და აგრძელებს და მისი შემჩერებელი არავინააო.
თვალს თუ მოაშორებს ღარიბაშვილი პუტინის და ბიძინას ფოტოს, დაინახავს რომ ბოლო დღეების მანძილზე, უკრაინა რომ ათავისუფლებს ნელ–ნელა უკრაინის მიწებს, ამას ვხედავთ სინამდვილეში და არა ახალ ოკუპაციას.
რაც შეეხება შემჩერებელს – წამით თუ მოუსმენს საკუთარ ექსპერტებს მაინც და არა ბიძინას და პუტინს, ეცოდინება, რომ უკრაინის წინადადება, რომელსაც ახლა რუსეთი განიხილავს, რუსეთის კაპიტულაციის წინადადებაა და არა უკრაინის.
წამით თუ გადახედავს უცხოურ მედიას და თვალს მოაშორებს "იმედს", ნახავს, რომ ფულითაც ეხმარებიან უკრაინას და იარაღითაც და რუსის შემჩერებელი რომ არავინაა, იმ რუსის ჯარს პანტაპუნტად დაუხოცეს გენერლები, ორი სამხედრო გემი აუფეთქეს ნაპირიდან, იცის, რას ნიშნავს ნაპირიდან სამხედრო გემის აფეთქება? აზერბაიჯანს ჰკითხოს, აბა, რუსის მომრევი თუ არავინაა, მთიან ყარაბაღში რა ხდება?
"მტერთან" მებრძოლი "მეგობარი" ეუბნება ღიად, მე ტერიტორიების დაბრუნება დავიწყეო და ეს აქედან უმტკიცებს, მე უკეთ ვიცი, არაფერი შენ არ შეგიძლია და დანებდიო...
ვერ მოერევით რუსს მაინც და ამიტომ, მოდი, საქართველოში გამოვაზამთრებ რუსსო.
თუ არ უჭირს რუსს – გაუუქმე უვიზო მიმოსვლა, შეუზღუდე ბინადრობის უფლება, ბიზნესის რეგისტრაცია აკონტროლე – რატომ ეხმარები, თუ არ უჭირს? რატომ ეხმარები ქართველი ხალხის სახელით?
და ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრძანა, არ უნდა მისცენ უკრაინას იარაღი და ომი არ უნდა ვახსენოთო – პუტინიც ასე ამბობს, სამხედრო ოპერაციაა ეგ და ვიგებო... თუმცა, რუსეთში რომ აფეთქდა საწვავის ბაზა, უკრაინას დააბრალა მისი აფეთქება და ეს "წაგებული" უკრაინა როგორ გვიფეთქებს საწყობებსო, რუსები კითხულობდნენ...
ახლა უკვე წავიკითხე ბევრგან – ჩვენი პრემიერი სულელია, მეტი არ იცის, ბიძინას სიტყვებს იმეორებს, რა ქნასო და ეგეთები...
თავისი ჯიბისთვის და თავისი ნათესავებისთვის ხომ არ არის სულელი?
კონვერტებს რომ არიგებს მისი სუსი, მაშინ ხომ არ არის სულელი?
თუ სულელია და არაფერი ესმის, გული ხომ აქვს? გულის კარნახს მაინც გაჰყვეს!
სულელი არ ქვია მაგას მეგობრებო, მტრის ღია მხარდაჭერა ინფორმაციულ ომში, მკვლელების მხარდაჭერა საინფორმაციო ომში – ომის დანაშაულის მხარდაჭერა და ღალატია ეგ!
და იმის მერე, რაც ეცადა უკრაინა და საქართველო დაერწმუნებია, უკრაინამ წააგო ეს ომი და რუსეთს მაინც ვერავინ მოუგებსო, წავიდა და სამხედრო ბაზა ინახულა!", - წერს ჟურნალისტი.