თეგებით ძიება

"ერთი სული აქვთ, გაიმეორონ ის, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს - "იმედში" შეჭრა" - ირაკლი ჩიხლაძე

ტელეკომანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ირაკლი ჩიხლაძე „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილის ჩართვის დროს მომხდარ ინციდენტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ეკა კვესიტაძე: „რადგან იმედის ეთერში არავინ გვიწვევს, ყველას მოგიწოდებთ - სადაც ნახავთ ამ სამარცხვინო, პუტინის პროპაგანდისტების პირდაპირ ეთერში ჩართვას, მიდით და იქ თქვით თქვენი სათქმელი!“.

მაინტერესებს, ამ განცხადებას დაგმობს ვინმე?! გაბედავს ვინმე ამ განცხადების შეფასებას?! არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, მედია და მედიის დამცველი ორგანიზაციები?

იტყვიან რამეს თუ კვესიტაძეს ყველაფრის უფლება აქვს? არ მინდოდა გახსენება, მაგრამ ფაქტი სახეზეა! ხასიათს, „წესსა“ და ჩვეულებას ვერაფერს უხერხებენ და ერთი სული აქვთ გაიმეორონ ის, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს. განახორციელონ „იმედში“ შეჭრა, პირდაპირი ეთერის ჩაშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა ხომ მათი ხელწერაა... ეს გამოსდით, ამით ცოცხლობენ და სულდგმულობენ.

ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება - ჟურნალისტზე თავდასხმა, ძალადობა, მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია! არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მედიას წარმოადგენს. შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის ხელის შეშლის.

ეკა კვესტაძე და მისი ძალადობრივი პოლიტიკის მიმდევრები არ იცავენ არც თავისუფლებას, არც ქვეყანას და არც ევროპულ არჩევანს!!! პირიქით!

სამწუხაროდ, უფლება რომ მივცეთ, ახლავე შემოვარდებიან, ახლავე გადაწვავენ და ისევ ეცდებიან მიწასთან გაასწორონ „იმედი“.

არ ვაპირებ, ისევ ვიძახო იგივე, რასაც ვიძახდი 11 წლის წინ „მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა“ - ეს დრო, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა და მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყონ, რომ „იმედის“ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არავინ შეუშალოს. დღეიდან, ჩემთვის კვესიტაძე არის მედიაზონდერი და დღეიდან, ამ ქალბატონის წახალისებით, „იმედის“ ნებისმიერ თანამშრომელზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხს მოვთხოვ იმ უწყებას, ვისაც უშუალოდ ევალება ასეთი თავდასხმების აღკვეთა.

მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს - „იმედის“ წინააღმდეგ ნაცმოძრაობის გარკვეულმა ჯგუფმა წამოიწყო ძალადობრივი კამპანია.

„იმედის“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი ეშლებათ!

და მივმართავ ამ ვითომ სპონტანური კამპანიის შემოქმედებს - „ნაცმოძრაობის“ კამპანია „იმედის“ წინააღმდეგ და ჟურნალისტების ბულინგი არ გამოგივათ!“, - წერს ჩიხლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა