ისრაელის იერიშის შიშით, ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს
გამოცემა AFP-ი ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერი, ჰასან ნასრალა, დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს იმის შიშით, რომ საჯარო დაკრძალვის ცერემონია ისრაელის სამიზნე გახდებოდა.
"ჰასან ნასრალა დროებით დაკრძალეს მანამ, სანამ გარემოებები საჯაროდ დაკრძალვას შესაძლებელს გახდის". - განაცხადა წყარომ.
სექტემბერში ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.