თეგებით ძიება

"რა კავშირია ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და თქვენს მაცივარს შორის? " - ნანა გეგჭკორი



"რა კავშირია ნიკა გვარამიას პატიმრობას, თქვენი შვილების განათლებას, უსაფრთხოებასა და თქვენი სამზარეულოს მაცივარს შორის?
მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის მმართველის დაპატიმრებას ვინც სიხარულით უყურებს, მათი უმეტესობა სამწუხაროდ ღარიბია და მიზერული შემოსავალი არ აძლევს საშუალებას იმოგზაუროს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებსა თუ ტოტალიტარული რეჟიმების ტყვეობაში მყოფ ტერიტორიებზე. ამიტომაც არ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი თვალით ნახოთ განსხვავება ამ ორ რეალობას შორის, შესაბამისად ვერც კი აცნობიერებთ რას ირჩევთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით.

მიცხოვრია, მისწავლია, მიმუშავია, ვცხოვრობ, ვსწავლობ და ვმუშაობ მსოფლიოს ორ უკიდურეს პოლუსებში, უკიდურესად ტოტალიტარულ რუსეთსა და ყველაზე თავისუფალ, დემოკრატიულ ამერიკაში.

ტოტალიტარულ ქვეყნებში ადამიანი, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განვითარების უფლებები - როგორც ღირებულება არ არსებობს. ტოტალიტარულ ქვეყნებში არსებობს ძალიან ვიწრო წრე ოლიგარქების, ბანდიტების და ორივენი ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებად ადამიანიებისა, რომლებიც პარაზიტობენ დანარჩენი საზოგადოების ნაშრომზე და ასე ამდიდრებენ საკუთარ, საკუთარ და არა სახელმწიფოს ბიუჯეტს. მათი წრის ირგვლივ არსებულ საზოგადოებას, ადამიანთა ეს ვიწრო წრე განიხილავს მონებად, რომლებმაც მათი პირადი კეთილდღეობისთვის უნდა შექმნან დოვლათი. მონის მართვა მით უფრო ადვილია რაც ნაკლები განათლება აქვს მას და რაც უფრო ღარიბია. სწორედ ამოტომ ტოტალიტარული რეჟიმები მაქსიმალურად ზღუდავენ ხარისხიანი განათლების ფართოდ ხელმისაწვდომობას, ცდილობენ არ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, რათა არ გაჩნდეს შეძლებული ფენა, რომელსაც შიმშლის დაკმაყოფილების მერე აუცილებლად გაუჩნდება თავისუფლების და განვითარების მოთხოვნლება. თავისუფალი და განვითარებული საზოგადოება კი ტოტალიტარულ რეჟიმებთან შეუთავსებელია და მათ უპირობო დასრულებას განაპირობებს.

როგორია თავისუფალი სამყარო? მთავარი ღირებულება დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყნებში არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და შრომის უფლებები. ასეთ ქვეყნებში საოგადოებაც და ხელისუფლებაც ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათზე დგას. სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შექმნას შრომის და განვითარებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დოვლათი შექმნან პროდუქტიულმა ადამიანებმა. ამასთან, როცა ადამიანმა იცის, რომ მის მიერ შექმნილი მატერიალური თუ არამატერიალური დოვლათით თვითონ და მისი ოჯახი სარგებლობს უპირველესად, მეტად ინდომებს რომ შედეგიანად იშრომოს. ასეთ ქვეყნებში ჯანსაღი კონკურენცია, განათლების, ჯანდაცვის და სხვა საბაზისო უფლებების ხელმისაწვდომობა, ადამიანს აძლევს უკიდეგანო შესაძლებლობებს გამოავლინოს და განავითაროს მასში არსებული ტალანტები. არ არსებობს საზღვრები რომელსაც საზოგადოება ან სახელმწიფო გიწესებს განვითარების გზაზე. მთავარია საზოგადოებაში წინასწარ შეთანხმებული თამაშის წესები არ დაარღვიო და შენი თავისუფლება არ ზღუდავდეს სხვების უფლებებს. ასეთი საზოგადოებები უსაფრთხო გარემოს ქმნიან, სადაც დამნაშავეს "კანონიერი" არ ერთვის ზედსართავ სახელად. "კანონიერი" დამნაშავე არ არსებობს, შესაბამისად არსებობს სახელმწიფო, კონსტიტუცია და საზოგადოება რომელიც ამ თამაშის წესებში მოქცეული ვითარდება, ქმნის დოვლათს, სიამოვნებს თვითონაც და ეხმარება სხვა ქვეყნებს როცა ამის საჭიროება დგება.

რა არის მთავარი ამ ორი ტიპის საზოგადოებად ჩამოყალიბების გზაზე? საზოგადოების რეაქცია უკანონობაზე, უსამართლობაზე, ბოროტებაზე არის ის ქვაკუთხედი რომელიც ჯამში ქვეყანას აქცევს ამერიკად ან რუსეთად.

იმისთვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს შეფასების უნარი მან უნდა იცოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გამჭვირვალედ, ხელოვნურად მინარევი ფერების გარეშე. თავისუფალი მედიაა სწორედ ის ძირითადი იარაღი რაც ჯანსაღ საზოგადოებას სჭირდება მის წიაღში მიმდინარე პროცესების დასანახად, შესაფასებლად, შეცდომების აღმოსაჩენად და გასააზრებლად.

ყველა თქვენთაგანი იყურება სარკეში, რათა სახლიდან გასვლისას გაარკვიოს მახინჯად ხომ არ გამოიყურება. ტანსაცმელი უკუღმა ხომ არ აცვია, ან კაბის კალთა საცვლებში ხომ არ მოყვა და უხერხული სიშიშვლით ხომ არ გადის ქუჩაში. თუ სარკეში აღმოაჩინეთ რომ უშნოდ გამოიყურებით სარკეს გატეხავთ? ალბათ უფრო საკუთარ გარეგნობაში ჩარევას ეცდებით, არა? ზუსტად იგივეა მედიასთან ჩხუბი გაუბედურებულ, გაღარიბებულ ქვეყანაში რატომ ვცხოვრობთო. მედია მხოლოდ სარკეა. სარკეში ასახული პრობლემები კი თქვენშია. მედია-სარკეში საკუთარ თავს ხედავთ.

თავისუფალი მედია არის გულისცემა ჯანსაღი, დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების და შესაბამისად ქვეყნის ჩამოსაყალიბებლად. გაჩერებული გულით ადამიანები კვდებიან.

კლავთ თავისუფალ მედიას, ამარცხებთ საკუთარი შვილების ნათელ მომავალს.
დღეს, როგორც არასდროს თვალსაჩინოა, რომ არსებობს ორი არჩევანი, თავისუფალი, შემდგარი ადამიანების მიერ აშენებული დემოკრატიული სამყარო და ბოროტი ტოტალიტარული რეჟიმები, როგორებიც არიან რუსეთი, ბელორუსი, ჩრდილოეთ კორეა.
და მაინც, რა კავშირია ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და თქვენს მაცივარს შორის?

"ნიკა გვარამიებს" აპატიმრებენ რუსეთში, ბელორუსში, ჩრდილოეთ კორეაში. ასეთ ქვეყნებში მშრომელი, წესიერი ადამიანების მაცივრები ცარიელია, იქ მხოლოდ იმდენი საკვებია რამდენიც საკმარისია იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ მონები. რადგან ბატონებს მონები პლანტაციებში სჭირდებათ, მათი მდიდრული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

თქვენი, საზოგადოების რეაქცია ნიკა გვარამიას, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების მმართველის, დაპატიმრებაზე არის არჩევანი რუსეთსა და შემდგარ, მდიდარ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას შორის", - წერს ნანა გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა