თეგებით ძიება

"ივანიშვილი სულ რომ გაღატაკდეს და ლობიოსა და პურზე მოუწიოს გადასვლა, არავითარ შემთხვევაში არ გაგვიმეტებს დასაღუპად და არ დაუწყებს რუსეთს ომს..." - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ევროპელები და ამერიკელები ჩვენგან ითხოვს, რომ ჩავებათ რუსეთის წინააღმდეგ ომში და აქ მოვიწყოთ მეორე მარიუპოლი, რათა თვითონ აკეთონ მაყუთი. ამ მიზნით აწვებიან და ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რამდენადაც ამ უკანასკნელს უსაზღვროდ უყვარს სამშობლო, სულ რომ გაღატაკდეს და ლობიოსა და პურზე მოუწიოს გადასვლა, არავითარ შემთხვევაში არ გაგვიმეტებს დასაღუპად და არ დაუწყებს რუსეთს ომს.
პრობლემა იმდენად ის კი არაა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მთავარ პროპაგანდისტულ მესიჯად ასეთ პარანოიდულ ბოდვას იყენებს (თუმცა, ესეც არის, რაღა თქმა უნდა), არამედ უფრო ის, რომ ამ ბოდვას არცთუ ცოტა ადამიანი იჯერებს და იზიარებს.
მესმის, რომ ხალხი არ ვარგა და ეგეთი წუწუნ-ჩივილები პოლიტიკაში პრინციპულად არასწორია, მაგრამ რამდენადაც მე პოლიტიკაში აღარ ვარ, თავს უფლებას მივცემ სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ამ ბოდვის დამჯერი ხალხი ნამდვილად არ ვარგა და არც ის ხალხი უქნია ღმერთს, ვინც ყოყმანობს და ჭირდება მეტი დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ბოდვა არ არის.
ორი ბატის მწყემსვა არ უნდა ანდო ასეთ ხალხს და ასანთი არ უნდა მისცე ხელში არასდროს თუ მარტოა და ვინმე არ უყურებს.
რატომ? იმიტომ, რომ ბოდვაა ეს, ქალბატონებო და ბატონებო, ბოდვა! ბოდვის ამოცნობას კი არ ჭირდება არც დიდი განათლება და არც მაღალი ინტელექტი, ელემენტარული საღი აზრიც უნდა გეყოს წესით. ამდენს თუ ვერ ხვდები, საერთოდ ვერაფერს მიხვდები ცხოვრებაში და ნებისმიერ სისულელესა და სიგიჟეზე აგაგდებენ.
მაგრამ სადაა საღი აზრი და კარგი ცხოვრება? ეჰ", - წერს ზურაბიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა