ბიძინა ივანიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა გახდა ბიზნესმენის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი?
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
ბათუმის კლინიკა ,,მედცენტრი" რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი კვლევებზე გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, გადაიკეტა კლინიკამდე მისასვლელი გზები, შენობაში არავის უშვებდნენ. პაციენტები და მედპერსონალი კი, ვინც უკვე შიგნით იმყოფებოდა, კედელთან ზურგით დააყენეს, რომ ოლიგარქი არ დაენახათ. დაცვამ მედპერსონალს მობილურები ჩამოართვა, რომ ვინმეს ივანიშვილისთვის ფოტო არ გადაეღო.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ივანიშვილმა კლინიკაში დაახლოებით ერთი საათი გაატარა. მას მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარდა.
გადაიკეტა 26 მაისისა და პუშკინის ქუჩა. რის შემდეგაც მოვიდა სახელმწიფო დაცვის მანქანები, შემდეგ პირადი დაცვის მანქანები და მას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილი.
კლინიკაში იყო სრული იზოლირება, მედპერსონალს არ შეეძლო გადაადგილება, აიძულეს, კედლისკენ მიტრიალებულიყვნენ, რომ ბიძინას სახე არ დაენახათ.
ერთი საათის განმავლობაში ბიძინა იმყოფებოდა ემერტეს განყოფილებაში, სადაც სავარაუდოდ ხერხემალზე ჩაიტარა გამოკვლევა.
როგორც კი დატოვა კლინიკა, ნახევარ საათში აღდგა მუშაობა- ყვება ,,ტვ პირველთან" თვითმხილველი.
ჯერ უცნობია, ეს იყო გეგმიური, თუ გადაუდებელი შემოწმება, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი ქართველი ექიმების მომსახურებით არ სარგებლობს და როგორც წესი გეგმიურ შემოწმებაზე საზღვარგარეთ დადის.