12 სკამიდან ერთი მაინც მოგვიტანონ, რომ გვაჩვენონ, არ ბლეფობენ - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
"ეს არის ომის პროპაგანდა, რომელიც ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით და პარტია, რომელიც ეწევა ომის პროპაგანდას, „ალტ-ინფოსავით“, უნდა იყოს დახურული. ისევ ეს პარტია განმარტავდა, რომ თურმე ევროპას უნდა, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, გახდეს პრემიერ-მინისტრი, დაიწყოს ომი და როგორც კი ომს დაიწყებს მის 500 მილიონს ჩაუდებენ ჯიბეში.
აი ასეთ სულელურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ეს არის ივანიშვილის სიტყვები, ამიტომ სანამ ივანიშვილს არ დაადებენ სანქციას, მანამდე ეს კაცი არ მოისვენებს. გვაჩვენონ, რომ მათ აქვთ სურვილი. იმ 12 სკამიდან ერთი სკამი მაინც მოგვიტანონ და დაგვიდგან, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მართლა გააჩნიათ და არ ბლეფობენ. ამიტომ არავინ წამოეგება ხელმეორედ მათ ანკესზე, ჩვენი გეგმით ვივლით“, - რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ დეკემბრამდე საქართველოში ომი დაიწყება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება.