ქართველი მაღალჩინოსნები დასანქცირდებიან - ვის ასახელებს რადას დეპუტატი?
ქართველი მაღალჩინოსნები უკრაინის გამო, შესაძლოა, სანქციებულთა სიაში მოხვდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პარტია "ხალხის მსახურის" წევრი და რადას დეპუტატი, იური კამელჩუკი აცხადებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამით კამელჩუკი გამოეხმაურა რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის დღევანდელ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იწყება მსჯელობა და განხილვა საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე.
"საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, სანქცირებული პირების სიის გაფართოებაზე მუშაობენ. ამ სიაში რუსეთის 1000-ზე მეტი მოქალაქეა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეს, მათ წინააღმდეგ სანქციები ჯერ არ დაწესებულა, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება. სამწუხაროდ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს მხარს უჭერენ. სამწუხაროდ ეს ეხება ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ იმ ადამიანების ვინაობას, ვისაც შეიძლება სანქციები დაუწესდეს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ქართველ მაღალჩინოსნებს, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს და იმ ადამიანებს შეეხება, ვინც შესაძლოა საქართველოში რუსული კონტრაბანდის მოხვედრას ხელს უწყობენ.
ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ საქართველოში რუსული სანქცირებული ტვირთი კვალი ფიქსირდება. თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაუჭერს მხარს, მათ სანქციები აუცილებლად დაუწესდებათ. საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი თანამშრომლობა რუსეთთან, ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. ქართველმა ხალხმა უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და ეს არ დაუშვას. რუსეთთან, კრემლთან და პუტინთან, ნებისმიერი თანამშრომლობა, მკვლელებისა და ტერორისტების მხარდაჭერას ნიშნავს." ამბობს იური კამელჩუკი
მაიკ მაკფოლი რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორია. სანქციების თემაზე მან დღეს "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა, თუმცა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს და ამბობს, რომ ჯგუფმა ამ საკითხზე შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.