თეგებით ძიება

ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს - გიორგი გაბუნია ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს

"მთავარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გაბუნია 13 ივნისს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებს მათ ოფისებშიც კი უსმენენ.

როგორც გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის მოუწოდებს ომბუდსმენსა და დიპკორპუსს, ჟურნალისტების უკანონო მიყურადების ფაქტით დაინტერესდნენ.

"გუშინ საღამოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებადი მედიის, “მაესტროს” საშუალებით და თავისი აგენტის, უცნობის ხელით გამოაქვეყნა უკანონო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია აქ, “მთავარი არხის” შენობაში, გვერდით ოთახში, სადაც იკრიბებიან "პოსტ-ფაქტუმის" ჟურნალისტები და პროდიუსერები და გეგმავენ გადაცემებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ ან არ გვისმენენ.

მათ შორის, უკანონოდ უსმენენ გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს არა სადმე ქუჩაში მიყურადებით, არამედ პირდაპირ მათ ოფისებში. და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება უკანონო ჩაწერა - სპეციალურად დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურით, მობილურების ან ოთახში მდებარე კომპიუტერების საშუალებით თუ ნებისმიერი სხვა მეთოდით.

რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა? - როგორც, თავის დროზე, ჰაკიმ ფაშას სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება, ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? - ამას, დიდი ალბათობით, მალე ვნახავთ და გავიგებთ. თან რისთვის დასჭირდათ ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების გამოყენება? ხომ ნათელია, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი - წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში!

იმ ისტორიის, რომელიც უცნობმა გვიამბო, ბუნებრივია, არავის სჯერა - თუ როგორ მივიდა თურმე მასთან სინდისისგან შეწუხებული პიროვნება და გადასცა ჩანაწერი, რომელიც ასე, საკუთარი ნებით ჩაწერა, შემდეგ, როგორც გამოდის, ნოემბრიდან აქამდე ინახავდა - გასული წლის ნოემბერში შედგა ეს საუბარი, რომელიც თქვენ მოისმინეთ - და ახლა უცებ რატომღაც ვეღარ აიტანა ამდენი და გადაწყვიტა მასალის გია გაჩეჩილაძისთვის გადაცემა… ამ ისტორიის რომ არავის სჯერა, დარწმუნებული ვარ.

ფაქტია, რომ მასალა გამოქვეყნდა სამთავრობო არხზე და ცალკე დამატებით გაშუქდა მთავარი სახელისუფლებო მედია-საშუალების, “იმედის” პირდაპირ ეთერში, რითაც სხვა მიზნებთან ერთად ვითომ ჩვენი, კრიტიკული მედიების მხილებას შეეცადნენ, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველგან და ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

როგორც უკვე ვთქვი, ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა ამ შენობაში, 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე "პოსტ-ფაქტუმის" წამყვანი ვიყავი, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი, განსაკუთრებით, მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობს, მერე ხმამაღალი ფხიკინი ისმის და მერე, თითქოს, მე ვაგრძელებ თემას.

ჩვენი საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ, ისევე, როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ ხოლმე სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ძალიან მაინტერესებს, სად დაინახეს ამ ჩანაწერში იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას? წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ და თან ახმოვანებ, ეს გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს აქ საქმე, აშკარად და, პლუს, სრულიად შეგნებულად იტყუებიან.

დანაშაული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქ მხოლოდ ერთ ფაქტშია - რომ საქართველოში ტოტალური უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს, ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა მეთოდით.

სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა - საკუთარ დანაშაულს რანაირად გამოიძიებენ? გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, როგორც ეს მოხდა ჰაკიმ ფაშას ვიდეოს ან ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გასაჯაროების შემდეგ.

ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი არ აქვს. მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს - აუცილებლად დაინტერესდით “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით, შეისწავლეთ თქვენ ეს ფაქტი და მოახდინეთ სათანადო რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო. თქვენს გარდა ჩვენ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ.

ჩვენო ადგილობრივო, ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, ნახეთ, რა პირობებში უწევს მუშაობა კრიტიკულ მედიას საქართველოში - “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი აბსურდული ბრალდებით ციხეშია, ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ - როგორც რუსეთში; ქუჩაში გვირტყამენ, გვასახიჩრებენ და სასიკვდილოდ გვწირავენ - ისევე, როგორც რუსეთში - და, პარალელურად, მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ არსებობა ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ. ამავე მიზნით ტოტალურად აშინებენ ბიზნესმენებს, რომ ჩვენთან ვერავინ გაბედოს თანამშრომლობა.

“ქართულ ოცნებას” ვეტყვი: ჩანაწერების გამოქვეყნებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს.

ორი თვე გავიდა ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან და ბევრს ეგონა, რომ ჩვენ ამდენ ხანს ვერ გავძლებდით და დავიკეტებოდით. მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩვენ ისევ აქ ვართ და კიდევ დიდხანს არ ვაპირებთ დაშლას.

გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ, ეთერშიც და ეთერს მიღმაც. მადლობა, რომ არაფერს ტოვებთ და ყოველთვის გვისმენთ. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვართ", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა