თეგებით ძიება

"ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებაც კი" - რუსეთის მიერ ბიჭვინთის შესაძლო ანექსიაზე მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, შესაძლოა, ბიჭვინთის და მისი მიმდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ანექსია რუსეთმა მოახდინოს - არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას დროული რეგირებისკენ მოუწოდებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში 2022 წლის 11 ივლისს დაიწყო განხილვები ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ ტერიტორიის გადაცემაზე სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ ამ წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა გასაიდუმლოებული გარიგების შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ შვიდი თვის შემდეგ, ანუ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ღიად დაიწყო. მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმება ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურისთვის საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტრის 49-წლიანი იჯარით გადაცემას. ამ პროცესებს აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. პროტესტის პასუხად დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთს მეტი ალტერნატივა არ აქვს, რუსეთი მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა, მაშინ როცა „მეზობლებთან“ ომში იმყოფებიან და დასავლეთი მათ არ აღიარებთ. თუმცა, როგორც ჩანს, აფხაზურ საზოგადოებაში ამ საკითხს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გაჩნდა რეფერენდუმის იდეაც „ენდობა თუ არა ხალხი დღევანდელ პარლამენტს“.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პასუხად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებაც კი, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წინაშე ამ საკითხის აქტიური დაყენების, რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დიპლომატიური სიგნალის ჩვენებისა და ამავდროულად აფხაზური საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა. ამგვარი რიტორიკა წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური ენისა და პრაქტიკის ყოველდღიურობა იყო და გაუგებარია, რა გახდა მისი უაპელაციო შემობრუნების მიზეზი.

ამასთან, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურებას მოსდევს აშკარა უკმაყოფილება ადგილობრივი ელიტებისა და საზოგადოების მხრიდან და ამავდროულად, რუსეთის მხრიდან კეთდება განცხადებები მომავალში ადგილობრივი ხელისუფლებების დაფინანსების შემცირების თაობაზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით და აფხაზური და სამხრეთ ოსური პოლიტიკური ელიტებისთვის ეკონომიკური, სოციალური ალტერნატივების შეთავაზებაზე. სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება პასიური და უმოქმედო ჩანს.

მთლიანობაში აშკარაა, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში მძლავრია თვითმყოფადობის შენარჩუნების და დაცვის ინტერესი, მათ შორის რუსეთის ანექსიური პოლიტიკისგან, იმ ფონზეც კი, როცა რუსეთი აფხაზეთის დღევანდელი ელიტისთვის ერთადერთ უსაფრთხოების გარანტორად განიხილება. აფხაზურ საზოგადოებაში არსებული ეს პროცესები უხილავი რჩება ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური ელიტისთვის და სამწუხაროდ, არ ხდება წინააღმდეგობის ამ ისტორიული პროცესების სათანადო დანახვა კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. უფრო მეტიც, სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობისთვის სახელმწიფოს მიერ მობილიზებული პოლიტიკური, ადამიანური და ეკონომიკური რესურსები მკვეთრად მწირია, რაც საკითხის ნაკლებ პრიორიტეტულობაზე უფრო მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ მიუღია კონფლიქტის რეგიონების ოკუპაციასთან და ანექსიასთან დაკავშირებული სტრატეგიის დოკუმენტი. ამასთან, სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება დღემდე სარგებლობს ჩართულობისა და თანამშრომლობის 2010 წლის მოძველებული და ნაკლებად რელევანტური სტრატეგიის დოკუმენტით. ცხადია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე, როცა არსებულ მთავრობას ნდობისა და საზოგადოების შიგნით პოლიტიკური კონსენსუსის შენებისთვის საჭირო რესურსები შემცირებული აქვს, ამ საკითხების გარშემო ძირეული ცვლილებების მიღწევა სამწუხაროდ თითქმის შეუძლებელი ხდება.

ჩვენი ხედვით, ერთი მხრივ, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისკენ მიმართული მცდელობები, და მეორე მხრივ კი მშვიდობის მშენებლობისკენ და ამ მიზნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეიზოლაციისკენ და პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობების აღდგენისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკა არ შეიძლება დანახული იყოს როგორც წინააღმდეგობრივი პროცესი და მათ ურთიერთწონასწორობის და შევსების პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სოციალური მნიშვნელობები უფრო აქვთ.

ამ ფონზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

აქტიურად დააყენოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხები და ამ კუთხით გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა პროცესის შესაჩერებლად;
გადახედოს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, თუ რას აკეთებს ის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურების და ფორსირების პირობებში და ამ მიმართულებით რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ სტრატეგიებსა და სამუშაოებს მიმართავს;
არსებულ კონტექსტში გააძლიეროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესი და შექმნას ადგილობრივი ელიტებისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო ეკონომიკური და სოციალური ალტერნატივები", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა