თეგებით ძიება
16. 09. 2022 სპორტი

კვარაცხელიასნაირ ფეხბურთელებთან, რომელთაც ჩემპიონური თვისებები აქვთ, მწვრთნელები უნდა გაჩუმდნენ - რა უპასუხეს სპელეტის კვარას კრიტიკის გამო?

"რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თამაშებს ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს.

ბუნებრივია, იტალიელი სპეციალისტის ამ კომენტარს იტალიაში გამოეხმაურება მოჰყვა. ზოგიც ეთანხმება, ზოგიც - არა. მაგალითად, იტალიელი აგენტი საბატინო დურანტე ფიქრობს, რომ სპალეტის არ სურს გუნდში ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდეს და უნდა, რომ ნაპოლიში მთავარი გუნდური ფაქტორი იყოს, ამიტომაც, მისი გაკრიტიკება გადაწყვიტა, რასაც შეცდომა უწოდა. დურანტე ფიქრობს, რომ კვარასნაირ ფეხბურთელებთან მწვრთნელები უბრალოდ ჩუმად უნდა იყვნენ:

"ჩემი აზრით, სპალეტის მძაფრი სიტყვები კვარაცხელიაზე პროტაგონისტობის შიშითაა გამოწვეული. მას არ სურს, რომ გუნდში გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდეს, ეს მწვრთნელებისთვის დამახასიათებელია. ერთ დღესაც, როცა ქართველი ფორმაში არ იქნება და ბურთს დაკარგავს, რაც გუნდს გადამწყვეტ კონტრშეტევად დაუჯდება, სპალეტი მას ეტყვის, რომ პასი უნდა გააკეთოს, მაგრამ კვარა უპასუხებს: "ისე ვთამაშობ, როგორც ვიცი". მსგავს ფეხბურთელებთან, რომელთაც ჩემპიონური თვისებები აქვთ, მწვრთნელები უნდა გაჩუმდნენ და ქართველი სწორედ რომ ჩემპიონი შეგირდია, მას ყველაფერი აქვს. ბევრ დრიბლინგს აკეთებს? არა, თამაში ზუსტად ამ მანერით უნდა გააგრძელოს. ფეხბურთი ასეთია და თუ ბიჭს შევზღუდავთ, მივიღებთ მეორე დონის ფეხბურთს, როგორიცაა დღეს იტალიური ფეხბურთი. კვარა კარგი გაგებით "სამოყვარულო" ფეხბურთს თამაშობს. ფიორენტინასთან ცუდად ითამაშა? იმიტომ, რომ დოდო ძალიან კარგად ეთამაშა, მიუხედავად ამისა, ქართველმა თანაგუნდელებს იმ მატჩშიც ბრწყინვალე პასები გაუკეთა და ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს".

გარდა ამისა, ნაპოლიში პრობლემატურია პენალტებიც. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ოფიციალურად ორი, არაოფიციალურად კი სამი თერთმეტმეტრიანი გააცუდა. იტალიელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ სპალეტიმ პენალტის დარტყმის უფლება ქართველს უნდა მიანიჭოს, რადგან გუნდში მასზე ტექნიკური და ძლიერი მოთამაშე არაა:

კარლო ალვინო: "სიამოვნებით ვნახავდი კვარაცხელიას შესრულებულ პენალტს, ქართველი ძალიან ტექნიკური მოთამაშეა. მან ამხანაგურ მატჩშიც აჩვენა, რომ პენალტის დარტყმა იცის, თუმცა ცხადია, ერთია სპარინგი და მეორე სერია A ან ჩემპიონთა ლიგა. ჩემი აზრით, არასწორი იყო სპალეტის განცხადება, როდესაც თქვა, რომ პენალტს ის მოთამაშე დაარტყამს, ვინც კონკრეტულ მომენტში უფრო თავდაჯერებული და მზად იქნება. ვფიქრობ, გუნდს "ოფიციალური" პენალტისტი უნდა ჰყავდეს და დროთა განმავლობაში არ უნდა წყდებოდეს, ვინ მივა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან".

წყარო: europop.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა