თუ ხელისუფლებას ხალხის რაოდენობის შიში და რიდი არ აქვს, არ გამოვა არაფერი - თაკო ჩარკვიანი
პარტია „კანონის და სამართლის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
„არა, ესენი არასოდეს იტყვიან, რომ სისტემაში პრობლემა აქვთ. მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყანა გამოკვეთილად იყო დასავლეთისკენ, ამიტომ ის მოიქცა როგორც დასავლელი პრეზიდენტი. ესენი გამოკვეთილად რუსები არიან.
ასე თუ გაგრძელდა, ესენი ისე შეგვიყვანენ და ჩაგვტოვებენ რუსულ სივრცეში, რომ არც მაშინ იტყვიან და გეტყიან, რომ „არ ვართ ჩვენ რუსულ სივრცეში“. ივანიშვილმა სახელმწიფო დაამარცხა, ივანიშვილი კარგად შეფუთული და კარგად გაპიარებული იყო.
არავის არ ეწყინება, რომ ვთქვათ, მაგალითად მე მისი არსებობა სულ პირველად შევიტყვე „ნაციონალური მოძრაობისგან“, როდესაც ის აფინანსებდა აღჭურვილობას შინაგან საქმეთა სამინისტროში. რუსეთმა შეფუთა ის ძალიან სწორად, იუველირულად და როგორც ქველმოქმედი მოგვაწოდა.
ბევრჯერ მომისმენია, მათ შორის ჩემს ოჯახში „ამხელა მილიარდერია და რატომ მოიჭრის თავს ქვეყანაში“, ეს მუსირებდა და დღეს უკვე ყველაფერი ლუსტრირებულია.
ერთადერთი გამოსავალი არსებობს “შიში შეიქმს სიყვარულსა” ეს არის გენიოსის ნათქვამი. ის ხომ უნიკალური მოვლენა იყო და ამაში ხომ ყველაფერია, ამაში პოლიტიკაც არის. თუ ხელისუფლებას ხალხის რაოდენობის შიში და რიდი არ აქვს, არ გამოვა არაფერი“, - განაცხადა ჩარკვიანმა.