თეგებით ძიება

რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს - რას ამბობს ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე?

მედიის კითხვაზე, გეგმავს თუ არა მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას სავიზო რეჟიმის დაწესება „არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება“.

„ორჯერ იყო აგორებული კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ბოლომდე კონტროლქვეშ არის ვითარება. ყველა უწყება ამ კუთხით არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება. ეს არის ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ზოგადად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის NGO-ებს, თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ საკუთარ რიტორიკას, პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი. ახლა, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს. ომი ნახევარ წელზე მეტია გრძელდება და ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება. დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

უცხოურ მედიაში აქტიურად წერენ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ბილეთების ყიდვა დაიწყეს. დასახელებულია სამი მიმართულება, მათ შორის თბილისი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა, ნაწილი აქ დარჩა, უძრავი ქონება შეიძინა და საკუთარ ბიზნესი დაარეგისტრირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა