შეეხება თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთს ნაწილობრივი მობილიზაცია? - რა ინფორმაცია ვრცელდება?
შეეხება თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია? - სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა, რომ დე-ფაქტო აფხაზეთსაც შეეხება ნაწილობრივი მობილიზაცია.
აღნიშნულ განცხადებას არაღიარებულ აფხაზეთში ყალბი უწოდეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეება, არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას.
ე.წ. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყალბ ინფორმაციებს ოპონენტები ავრცელებენ, რათა აფხაზურ საზოგადოებაში პანიკური განწყობა დაამკვიდრონ, რაც მიზნად ისახავს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაფუჭებას.
„ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამ მნიშვნელოვან საკითხში, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".