რუსეთის მოქალაქეებს 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ - "ნაციონალური მოძრაობა"
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, „საოკუპაციო შენატანის“ გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ.
მისი თქმით, საოკუპაციო შენატანი ლარებში იქნება განსაზღვრული, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ამით ერთი მხრივ, მათი მხრიდან მოხდება იმის აღიარება, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მეორე მხრივ, კი შემოსული თანხები დევნილებს მოხმარდება. ბეჟაშვილმა „ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ეს ინიციატივა არ განიხილონ პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში და აღნიშნა, რომ საჭიროა ერთობლივად, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".
განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.