ზეთი 21.2%-ით, პური 32.8%-ით, კვერცხი და ყველი 23.3%-ით გაძვირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.8%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი, ასევე, 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6% , რძე, ყველი და კვერცხი 4.6%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.3%, ხილი და ყურძენი 2.0%, თევზეული 1.4%.
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.4% და ზეთი და ცხიმი 1.1%.
განათლება: ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება 11.6%, დონით განუსაზღვრელი განათლება 8.6%, სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 6.1%.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0%-ით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე 3.6%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3%-ით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.6%.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- პური და პურპროდუქტები - 32.8%
- რძე, ყველი და კვერცხი - 23.3%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 22.5%
- ზეთი და ცხიმი - 21.2%
- ყავა, ჩაი და კაკაო - 18.9%
- თევზეული - 16.5%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 15.8%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.8%
- ხილი და ყურძენი + 9.6%
წყარო - pia.ge