ქართულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები ომამდელთან შედარებით ₾1.2 მლრდ-ით გაიზარდა
2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარი აქვთ განთავსებული. კვლევას IDFI ავრცელებს.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომამდე პერიოდთან შედარებით, ქართულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე განთავსებული თანხის ნაშთი, დაახლოებით 1 მლრდ 200 მლნ ლარითაა (+170%) გაზრდილი. მთლიანი დეპოზიტების 72% დოლარშია, 19% ევროში, 7% კი ლარში.
„2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26% წარმოადგენს ვადიან დეპოზიტებს, რაც ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა", - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კვლევიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებზე 1,118-ით მეტი სესხი გაიცა. ჯამში, მარტი- აგვისტოში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი.
კვლევის მიხედვით, ომის დაწყებიდან, 31 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45 349 მოქალაქემ გახსნა.
31 აგვისტოს მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით, 60 ათასს აჭარბებს.
ამასთან, მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანგარიში რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა.
წყარო: businessformula.ge