არასწორ ადგილას აწყდებიან კედელს, „ნაციონალურ მოძრაობაში" არავითარი დაპირისპირება არ არის - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიაში არანაირი დაპირისპირება არაა.
"პარტიაში ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ გვაქვს. ზრდასრული ადამიანები, პოლიტიკოსები ვართ, ვისაც ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ. რაც შეეხება ახლა წამოტივტივებული ადამიანების სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს, მინდა, მათ ვუთხრა და შევახსენო, რომ ყველა ის ადამიანი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ის, რომ 2012 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ხელისუფლებაში და ათი წლის განმავლობაში ამ რეჟიმთან გვიწევს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, ნუ ავიწყდებათ, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა არ არის თითქოს სახელმწიფოს წინაშე. ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში არიან პოლიტიკაში და ვისაც რაიმე სახის პოლიტიკური ანალიზის უნარი აქვს ან ექსპერტობაზე აქვს რაიმე სახის პრეტენზია, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდა. მინდა, ყველას ვთხოვო, მათ, ვისაც ახლა გადაწყვიტეს, პარტიის შიდა საქმეებში ჩარევა - ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი ინტერესი ათი წლის განმავლობაში და ახლა კედელს არასწორ ადგილას აწყდებიან, "ნაციონალურ მოძრაობაში" არავითარი დაპირისპირება არ არის. ჩემი დამოკიდებულება იცით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რაც ახლა "ქართულმა ოცნებამ" წარმატებით გადმოიღო, არ მიყვარს მორალზე აპელირება, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა, არც მორალური, არც ზნეობრივი, არც პოლიტიკური გარკვეულ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ "ნაციონალური მოძრაობის" "ლიდერშიპის" მიმართ, მათ შორის სოსო თოფურიძეს. არ ვიცი, შეიძლება, "ფეიკ" გვერდია, მაგრამ ამ ადამიანებს საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ქვეყანა. დიდი იმედი მაქვს, ეს ადამიანები და ბევრი მათგანი გაითავისებს საკუთარ პასუხისმგებლობას", - განაცხადა დეკანოიძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა.