თეგებით ძიება

მე-19 საუკუნეში „დეოლიგარქიზაციის კანონი“ რომ მიეღოთ, ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა ოლიგარქების სიაში - მედიამაგნატი იყო, პოლიტიკა აინტერესებდა, ბანკი ჰქონდა - ვახო მეგრელიშვილი

„პარტია“ გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მე-19 საუკუნეში „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ რომ მიეღოთ, ოლიგარქების სიაში ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა.

„ჩვენ გვაქვს ერთმმართველის პრობლემა. ეს ერთი ადამიანი ახლა მდიდარია, მაგრამ წინა ჯერზე სააკაშვილი დიდად მდიდარი არ იყო, იმის წინა ჯერზე შევარდნაძეც არ იყო მდიდარი და გამსახურდია განსაკუთრებით. ყველა ხელისუფლების პირობებში ჩვენ ერთი პრობლემა გვქონდა – ცენტრალიზებული სისტემა, რომლის სათავეში იყო ერთი ადამიანი და მის გარშემო იკვრებოდა სახელისუფლებო ვერტიკალი. იმის გამო, რომ ვიღაცებმა საქართველოს სიტუაცია დეტალებში არ იციან, ამას დაარქვეს დეოლიგარქიზაცია, ამას სისტემის დეცენტრალიზაცია უნდა ერქვას. ჩემი აზრით, ეს კანონი უკრაინაშიც არ ვარგა, უკრაინაშიც ვერ მუშაობს, რადგან უსამართლოა. ის ადამიანებს ართმევს საქმიანობის უფლებას ისე, რომ ამისთვის კონკრეტული საფუძველი არ გაქვს. მაგალითად, მე-19 საუკუნეში „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ რომ ვიღაცას მიეღო, ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა ოლიგარქების სიაში – მედიამაგნატი იყო, „ივერიას“ გამოსცემდა, პოლიტიკა აინტერესებდა, ბანკი ჰქონდა და მონოპოლისტი იყო. როგორ შეიძლება პრეზიდენტის სამსახურმა, როგორც ეს უკრაინაშია, შეადგინოს ოლიგარქების რეესტრი? – ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა! ეს არის ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობა.

დარწმუნებული ვარ, ეს კანონი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, უკრაინასაც არ გამოადგება, არათუ რომელიმე ქვეყანას. შეიძლება ადამიანებს საქმიანობა აუკრძალო ირიბ კრიტერიუმებზე დაყრდნობით? – მაგალითად, წარმატებაზე დაყრდნობით. თუ ამ ადამიანმა ფული მოიპარა, ხომ უნდა გაასამართლო? ეს გამოდის სასამართლო სისტემის არარსებობის კომპენსაცია რაღაც მეთოდით, რომელსაც აბარებ პრეზიდენტს, როგორ შეიძლება ეს ნორმალური იყოს? ჩვენთან ერთადერთი განსხვავება ისაა უკრაინული სიტუაციისგან, რომ პრეზიდენტის ნაცვლად ამას პარლამენტი გადაწყვეტს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა