ეს არის სრული სისულელე - კახა კალაძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებები, რომლის თანახმადაც, სატვირთო, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა, „სრული სისულელეა“. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით... საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.
მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.