ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები "საქართველოს რკინიგზის" საკუთრებაში არაა - "საქართველოს რკინიგზა"
"საქართველოს რკინიგზა" ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც tia.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები, რომლებზეც ახლა მედიაშია საუბარი, არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის „საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი, (ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები: უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და სხვები) იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება“, - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სავაგონო დეპოში, სავარაუდოდ, ნავთობით დატვირთული ვაგონები დგას, რომლებსაც "გაზპრომი" აწერია.