თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქის მერს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჯერ კალაძის ოფიციალურ პოზიციას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ შეუერთდნენ თუ არა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების ამ მოთხოვნას.
"ჯერ უნდა დაველოდოთ კახა კალაძის ოფიციალურ პოზიციას, რას აპირებს ის, აპირებს თუ არა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მისი განცხადების შემდეგ იქნება ჩვენი მხრიდანაც რეაგირება. ვფიქრობთ, რომ მარტო საკრებულოში არ უნდა დავიბაროთ და არ უნდა მოვიდეს, არამედ მერიაშიც აღარ უნდა შევიდეს ეს ადამიანი", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
სხდომაზე დაბარების ფაქტს უმრავლესობაც ეხმაურება. ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების პროცესში კითხვების დასმა არარელევანტურია.
"არავინ არავითარ პასუხისმგებლობას არ გაურბის, ყველა ღიად საუბრობს, მათ შორის დედაქალაქის მერი იმაზე, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება უშუალოდ დაბარებას ვინმეს საკრებულოში, თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამ გამოძიების პროცესში ჩვენ დამატებით კითხვების დასმა და აქ ცირკის მოწყობა სწორად არ მიმაჩნია არც პოლიტიკურად და არც მორალურად", - ამბობს ოთარ გრიგოლია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე.