საექსპერტო დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო - რას ამბობს თბილისის მერის მოადგილე?
თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, საექსპერტო დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო.
"ჩვენი უწყება ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება, რაც შემოწმებულია. ასევე, დასკვნის შინაარსს - არის თუ არა დასკვნა დადებითი. ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში არსებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით.
შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც არ ჰქონდათ, არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე. თბილისის მუნიციპალიტეტს არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში“, - განაცხადა ბასილაიამ.
მისივე თქმით, როგორც მერია, ისე ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ერთნაირი წესით მოქმედებს.
"ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე მერიის სხვა ნებისმიერი საქალაქო სამსახური, ასევე, სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, შევადგინეთ ტექნიკური დავალება რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც ჩადებული იყო ყველა ის მოქმედი სამშენებლო ნორმა თუ სტანდარტი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს.
ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი და შემდგომ მოხდა ამ პროექტის ექსპერტიზა, რომელიც ჩაბარდა დედაქალაქს. ეს არის პირველი ეტაპი. ამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, როგორც ექსპერტიზაზე, ასევე თვითონ პროექტზე თუ ტექნიკურ დავალებაში ჩადებულ მოთხოვნებზე, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, იმიტომ, რომ ეს მოხდა ჩვეულებრივად, ტენდერის გზით.
შემდგომ, როცა ჩავიბარეთ დაექსპერტებული პროექტი, განხორციელდა მეორე სახელმწიფო შესყიდვა - მეორე ტენდერი უკვე უშუალოდ სამუშაოებზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი - ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის სრულყოფილი პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.