თეგებით ძიება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ექსპერტიზა რომ გააკეთა, იმ კომპანიას რომ ანდობ ვაკის შადრევანს, მერე საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე საუბრისას ამბობს, რომ ოთხი დღე გავიდა ტრაგედიიდან და ამ დრომდე არცერთი საჯარო პირი, არცერთი თანამდებობის პირი დასჯილი არ არის.

„ვარკეთილში ჭერი რომ ჩამოვარდა, იმაზე ვინ დაისაჯა?! რომელი მაღალი თანამდებობის პირი?! გადავრჩით, არავინ რომ არ დაიღუპა, თორემ დაშავებით ჯანმრთელობა შეელახა იქ რამდენიმე ადამიანს, თუმცა დასჯილი არავინ არ გვინახავს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან ოთხი დღის შემდეგ, მმართველ პარტიას სურს, რომ რომელიმე მუშა ან ხელოსანი იყოს დამნაშავე და არა თანამდებობის პირი.

„რამდენი თანამდებობის პირი იყო ვაკის პარკში შადრევანის გახსნაზე. დედაქალაქის მერიის ყველა სამსახური, საკრებულოს წარმომადგენლები იქ იყვნენ. ვიდეოსა და ფოტოებში ჩანდა, რომ ძალიან ბევრი, 100-150 კაცი იქნებოდა გახსნაზე. მას შემდეგ ყველა დაიმალა, პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა. თუ რამე გაფუჭდა მუშის ან ხელოსნის ბრალია და თუ გაკეთდა აუცილებლად კალაძემ გააკეთა. ჩვენ აღმშენებლები ვართ, რა მაგარად ვიმუშავეთო, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაშინვე გაქრება. არა, კახი რა შუაშია, ახლა კახიმ ხომ არ დაამონტაჟა?! და 220 ვოლტს რა უნდოდა შადრევანში?! ან ის, გამომრთველი რატომ არ იყო?! მერიამ როგორ ჩაიბარა?! როგორც კი მერიის სამსახურმა ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მერმა მოგვიწოდა, რომ მოდით აქ და დაისვენეთო, სიყვარულის ადგილი გახდებაო ვაკის პარკიო და რამდენიმე საათში, ბავშვი დაიღუპა, ამაზე ახლა ხმა არ ამოიღოთ ოპოზიციამო. რას ჰქვია, ამ ტრაგედიაზე თქვენ როგორ იღებთ ხმას?! აა, დაველოდოთ, კიდევ ფულს როდის იშოვის კალაძე ტენდერებიდან, მერე უხარისხოდ როდის გააკეთებს, მერე სად რამე ჩამოვარდება და თავში დაეცემა კიდევ ვინმეს და როდის მოხდება კიდევ ახალი ტრაგედია?! ანუ ხმა არ უნდა ამოვიღოთ?!“, - დასძინა დეპუტატმა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, „გრინ სერვისთან“ დაკავშირებით კორუფციულ თემებზე უამრავჯერ გაუკეთებია განცხადებები და პროკურატურაში სარჩელიც შეუტანია. მისი თქმით, ამ საქმეების გამოძიება რომ დაეწყოთ და ეს ხალხი რეალურად დასჯილი ყოფილიყო, ეს კომპანია ვეღარ გააკეთებდა ვაკის პარკის შადრევანს.

„ვარკეთილის მეტროში ჭერის ექსპერტიზა რომ გააკეთა კომპანიამ, იმ კომპანიას, რომ ანდობ ვაკის შადრევანს, მერე საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ვარკეთილის მეტროში ჭერი რომ ჩამოვარდა, აი იმის მერე იმ ექსპერტს რომ რამეს მისცემ და პასუხისმგებელი არავინ არ არის. ვინმე კი არ ამბობს, რომ ვინმეს უხარია ანგელოზი ბავშვის გარდაცვალება, ეს თქვენ გეხერხებათ მარტო რომ ესეთი რამ ილაპრაკოთ, რომ ჩვენ ბავშვის ჭამა შეგვიძლია. მესმის რომ ადამიანურად უჭირს, მაგრამ პასუხისმგებლობა სადაა? ამ ქალაქში ვინ არის რამეზე პასუხისმგებელი? და თქვენ გინდათ, რომ ამაზე გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ? როგორ შეიძლება რამდენიმე საათით ადრე მერი, რომ იტყვის მობრძანდითო და იქ ბავშვი დაიღუპება, რა მორალური და პოლიტიკუი კატეგორიებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ეს კაცი დღესაც თანამდებობაზე იყოს?! მერე გამოხვალთ, დაეწყობით და ამართლებთ. დეპუტაციის 70 პროცენტს ან მათ ოჯახის წევრებისთვის სამშენებლო ნებართვები აქვს კალაძეს მოცემული. ახლა, ჩემს შემდეგ ვინც გამოვა და კალაძეს გამართლებას დაიწყებს, იმისთვისაც ან მისი ოჯახის წევრისთვის სამშენებლო ნებართვა აქვს მიცემული. ჩემო ძვირფასებო, აიღეთ პასუხისმგებლობა, მარტო ლენტის გაჭრა არაა საქმე“, - დასძინა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.



წყარო: ipn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა