„ბოდიში მარიტა, ბოდიში შვილო, ბოდიში“ - ანა ნაცვლიშვილი ვაკის პარკში დაღუპულ მოზარდზე
„ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების არ სჯერა.
„ძალიან მინდა მჯეროდეს და ვუერთდებოდე პარლამენტის თავმჯდომარეს იმედში, რომ გამოძიება დაადგენს – რა მოხდა ვაკის პარკში, ძალიან მინდა, რომ მჯეროდეს.
მართლა გულწრფელად მჯერა, რომ ყველა შეგზარათ ამ ტრაგედიამ, მაგრამ გულწრფელად არ მჯერა, რომ რაიმე გაკვეთილი გამოიტანეთ ამ ტრაგედიიდან, ამ უმძიმესი ამბიდან.
რატომ არ მჯერა ამ გამოძიების იცით? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მეორედ დაუნიშნეთ მთავარი პროკურორი, ანუ ის, ვინც ასეთ ამბებს უნდა იძიებდეს და ზედამხედველობდეს გამოძიებას, რომელიც ზუსტად ბავშვების მკვლელობის საქმის გამო თვითონვე გადადგა და როგორ იყო ის საქმე თეთრი ძაფით ნაკერი, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სააშკარაოზე გამოიტანა.
თქვენ ეს კაცი თავიდან აირჩიეთ და ყველა მსგავსი საქმის გამოძიება კიდევ მის ხელში ჩააგდეთ. ამიტომ არავის არ სჯერა ამ გამოძიების…
ბოდიში მარიტა, ბოდიში შვილო, ბოდიში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.