ვიცით, რომ მერი ფილაქანს არ დააგებს და ელექტროგაყვანილობას არ გააკეთებს და გამოდის, ყველაფერზე ხელი დაიბანა? - სერგო ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კახა კალაძე არის ადამიანი, რომელსაც ლიდერობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი არ გააჩნია. ამის შესახებ ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
„თვითონვე ამბობენ, რომ სისტემური პრობლემაა, ოღონდ კალაძე უნდა გამოძვრეს და რაღაც ამაზრზენი სპექტაკლი დაადგმევინეს, თურმე გადარჩენილი ბავშვი მიიყვანეს დეპუტატის სახლში, სახლში კი არ მივიდა ოჯახთან, ბავშვი მიაყვანინა მეგობარი დეპუტატის, ზარნაძის სახლში, მიადგა მთელი ცუმპა-რამპით და აპოზიორა ბავშვი. ბავშვი ხომ ამას ვერ აღიქვამდა და არაადამიანურობაზე როცა ვსაუბრობთ, ამაზე ვსაუბრობთ. ამიტომ არ მჯერა, რომ ის გადადგებოდა, ზუსტად ამ ქმედებების გამო. მან პირველივე ჯერზე საავადმყოფოსთან რა გააკეთა? ეგრევე განაცხადა, რომ ვინ შეასრულა კონტრაქტი, ამას გავარკვევთო, იმ წამსვე ისარი სხვაზე გადაიტანა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირი ლიდერობის უნარი არ გააჩნია, არანაირი პასუხისმგებლობის უნარი.
თავიანთი გამოძიებით, რომლის მიმართაც ნდობა დიდი არ არის, რაც გააჟღერეს, უკვე ეს მიანიშნებს, რომ რა თქმა უნდა, სისტემურ ჩავარდნასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური ჩავარდნა, ეს ხომ არ არის, რომ ერთმა დაუშვა შეცდომა და ამას დამბრალდეს, მთელი სისტემა აღმოჩნდა დამნაშავე.
ეს არის ყველაფერი ერთად, ეს არის პირველ რიგში არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა და ეს არის კორუფცია. ის, რომ გაშავებული კომპანია და ადამიანი, რომელიც ციხეში იყო, ერთ წელიწადში მილიონებს იღებს, აქ უბრალოდ დამთხვევაზე და გამართლებაზე ხომ არ არის საუბარი, სხვა ბევრი საეჭვო ტენდერებიც ვიცით. კორუფცია, არაკომპეტენტურობა, უვიცობა, გაუნათლებლობა კლავს.
ეს არის კორუფცია და ფულის პარვა, კორუფცია ყოველთვის მკვლელია. მაღალი ძაბვის კაბელები და ტუმბო რომ დადგა 15 მეტრის მოშორებით თავის ჯიხურში, თავისი წესებით დაცვით, პირობითად დაჯდებოდა 10 000 ლარი, ხოლო შიგნით ჩაშვებული და უხარისხო დაჯდებოდა 500 ლარი, შესაბამისად ეს განსხვავება ჯიბეში ჩაიდეს, ოღონდ ამას ვერც კომპანია, ქვეკონტრაქტორია და ორი მუშა თავისით ვერ გააკეთებდა, ამას ხომ ნებართვა ჭირდება. რა უნდა მოხდეს რომ პასუხისმგებლობა აიღოს? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მერი არასდროს თვითონ ფილაქანს არ დააგებს და ელექტრო გაყვანილობას არ გააკეთებს და გამოდის, რომ ყველაფერზე ხელი დაიბანა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.