ჭიჭე ვაშაძე და მისი მიმდევრები განსაკუთრებით არიან შემჩნეულები ორპირობაში - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. მისი თქმით, "რეფორმების ჯგუფის" მიერ ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული პროექტის მხარდაჭერაზე უარი მის ნათქვამს ადასტურებს.
"ჭიჭე ვაშაძე და მისი მიმდევრები განსაკუთრებით არიან შემჩნეულები ორპირობასა და ორმაგ სტანდარტში. საუბარია 12-პუნქტიან გეგმაზე, იმ რეკომენდაციებზე, რომლებმაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა დაგვაახლოვოს კანდიდატის სტატუსსა და დიდ ევროპულ ოჯახს. სიტყვით, ერთია, და საქმე საქმეზე რომ მიდის, არც აინტერესებთ. მათგან არც მხარდაჭერა ყოფილა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მათი ხელწერაა. მათ შეუძლიათ, რაღაც დაგაბრალონ და როდესაც კონკრეტული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, არგუმენტებიც არ აქვთ და მხარს არ უჭერენ. ზუსტად იგივე მოხდა ახლაც", - აცხადებს ზარქუა.
"რეფორმების ჯგუფის" უარი ევროპულ რეკომენდაციებს - პარლამენტმა, 101 ხმით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებას მხარი დაუჭირა, თუმცა მხარდამჭერებს შორის, "რეფორმების ჯგუფის" არცერთი წევრი არ აღმოჩნდა. ცვლილება, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში შედის, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ეხება.