არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაცმოძრაობას“ - იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია "ენმ"-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ამავე პარტიის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნები ჩატარდეს.
"მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება. ამიტომ, მე არ ვიქნებოდი დიდი მოლოდინით ამ პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, ჩემი აზრით, რომ ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც და ახლა ნიკა მელია წავა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს“, - განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა:
„ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ“.