"გაუპატიურების კანონმდებლობა არ გვივარგა და დამნაშავეები დაუსჯელები დადიან" - ბაია პატარაია მარშს აანონსებს
ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გაუპატიურებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე წერს და აცხადებს, რომ 25 ნოემბერს მარში დაინიშნა.
"ქალთა მოძრაობამ დღეს ღამის კლუბებთან და ფესტივალებთან ერთად დაანონსა 25 ნოემბრის მარში, რადგან გაუპატიურების კანონმდებლობა არ გვივარგა და დამნაშავეები დაუსჯელები დადიან.
ქართულმა მედიამ რაღაცნაირად მოახერხა და ეს პრობლემა კლუბების პრობლემად წარმოაჩინა. ანუ, რანაირად, ხალხო?! ვინც ხმას იღებს პრობლემაზე, ვინც ქალებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას ცდილობს და მაქსიმსლურ გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ისრებს მათკენ მიმართავთ?! ბოტებისა არ მიკვირს და მედიებისგან - კი.
მოკლედ, გავასწოროთ ჩვენი ორიენტირი და ყველა გავერთიანდეთ ცუდი კანონის გასაუმჯობესებლად. ერთად მოვთხოვოთ პარლამენტს კანონის სრულყოფა! პარლამენტშიც გვყავს ბევრი მომხრე როგორც მმართველ , ისე ოპოზიციურ პარტიებში, მაგრამ ბევრი გადაუწყვეტელიცაა.
ამ ცვლილებას ითხოვენ ქალები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ის კერძო ორგანიზაციები, ვისაც ქალთა უფლებები მართლა აღელვებს და მადლობა ყველას, ვინ სამოქალაქო პოზიციას ღიად აფიქსირებს. მჯერა, რომ სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და მოძრაობა შემოგვიერთდება, რადგან ეს ეხება ქალის ბაზისურ უფლებას და უსაფრთხოებას.
გელით ყველას 25 ნოემბერს 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე!", - წერს პატარაია.