საქართველოში თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს საქსტატი?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7%-ით მეტია. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი კი 1 714.2 ლარს გაუტოლდა.
"დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე
2022 წლის III კვარტალში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი).
2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.