თეგებით ძიება

„მიწისძვრა ადამიანს არ კლავს, კორუფცია კლავს!“ - რას წერს თეონა გეგელია?

ჟურნალისტი, თეონა გეგელია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობასა და კორუფციას შორის პირდაპირი კავშირია.

„არ ვიცი, აზრი აქვს თუ არა ამ ინფორმაციის გაზიარებას ქვეყანაში, სადაც 2013 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ ხალხი ისევ ბედნიერად იშენებს ბინებს მდინარის კალაპოტში, მაგრამ იყოს მაინც.

წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია 1975 წლიდან 2003 წლამდე 42 ქვეყანაში მომხდარი 344 მიწისძვრის შედეგები. ამ კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი მსხვერპლის რაოდენობას და კორუფციას შორის: რაც უფრო მაღალია სახელმწიფოში კორუფციის დონე, მით მეტია მსხვერპლის რიცხვი.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც ავტორებმა გააანალიზეს 1960 წლიდან 2002 წლამდე მომხდარი 269 დიდი მიწისძვრის შედეგები, აჩვენა პირდაპირი კავშირი დაღუპულების რაოდენობას და სოციალურ უთანასწორობას შორის. მეცნიერებმა ეს კავშირი იმით ახსნეს, რომ საზოგადოებებს, სადაც მდიდრებს და ღარიბებს შორის დიდი სხვაობაა, არ აქვთ მშენებლობების წესების დადგენისა და მათი კონტროლის, სეისმური საფრთხეების დონის მიხედვით ზონირების, ნაგებობების გამაგრების უნარი.

ამ კვლევების შედეგებ, 2011 წელს ჟურნალ Nature-ში მიწისძვრების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპეციალისტმა ნიკოლას ამბრაზეუსმა შეაჯამა. ის ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონის მიმართულებით მუშაობს. სტატიაში „კორუფცია კლავს“ მან გააანალიზა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მიწისძვრის მსხვერპლთა, მათი მშპ-სა (მთლიანი შიდა პროდუქტის) და კორუფციის აღქმის დონის კუთხით და აჩვენა, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ამ მიწისძვრების მსხვერპლთა 83% ცხოვრობდა კორუმპირებულ ქვეყანაში – იქ, სადაც კორუფციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე უნდა ყოფილიყო მათი მშპ-ის საფუძველზე.

ამბრაზეუსი წერს, რომ სამშენებლო სფერო მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე კორუმპირებულ სეგმენტადაა აღიარებული. ტექნოლოგიების და მშენებლობების ნორმების არასკმარის დაცვას კი მიწისძვრები ყველაზე კარგად ავლენს. სტატიის ბმული https://is.gd/BTSdml “, – წერს თეონა გეგელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა