თეგებით ძიება

„მკვლელი ლიფტები“ - საქართველოში ლიფტების 99% ჩასანაცვლებელია

18 თებერვალს ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი, რომელშიც ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, მეთორმეტე სართულიდან მოწყდა; 

15 თებერვალს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელში კორპუსში, ლიფტში, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ჩავარდა;

საბედნიეროდ ყველა მათგანი გადარჩა და მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღეს. სამწუხაროდ, არ გაუმართლა თბილისში, ვაზისუბანში მცხოვრებ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. 

14 იანვარს ლიფტის შახტაში ჩავარდნილი არმენ სარქისოვი და მის დასახმარებლად მისული მეუღლე, ლიფტის კაბინამ მოიყოლა და ტრაგიკულად დაიღუპნენ. 

ეს მხოლო 2023 წელს საქართველოში მომხდარი შემთხვევების მცირე ჩამონათვალია, გაუმართავ თუ ექსპლუატაცია ვადაგასულ ლიფტებთან დაკავშირებული პრობლემა კი მასშტაბური, მრავალმხრივი და სერიოზულია.

ჩნდება ბევრი კითხვა: უსაფრთხოა თუ არა ჩვენს საცხოვრებელ სახლებში არსებული ლიფტები, ვის ეკუთვნის ისინი, ვის ეკისრება ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, ვინ უნდა მოახდინოს ლიფტების ზედამხედველობა, ტექნიკური უზრუნველყოფა, რესტავრაცია თუ ახლით ჩანაცვლება, როგორია თანამედროვე ტიპის ლიფტები?...

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 18 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ლიფტები მობინადრეთა საკუთრებაა და მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ კორპუსის მოსახლეობაა. ამასთან, განმარტა, რომ ეს წერია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - "ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ". 

"ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია", - მიმართა მერმა თბილისელებს.

რაში გამოიხატება მუნიციპალიტეტის როლი? - როგორც კალაძე განმარტავს, მერია ყოველწლიურად 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე - თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა, ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი.

"ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე - ამხანაგობა, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი. ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ", - დასძინა კალაძემ.

როგორც ლიფტების სპეცილისტი, ლაშა ტყებუჩავა TIA.GE-სთან აცხადებს, აუცილებელია, რომ ლიფტების ინსპექტირება მოხდეს პერიოდულად, 3 წელიწადში ერთხელ მაინც.

„ლიფტების 99%-ს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, რადგან სტანდარტების მიხედვით, საბჭოთა ლიფტების ექსპლუატაციის ვადა 20 წლამდე იყო. ამიტომ მათ რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ან უკეთეს შემთხვევაში, ახლით ჩანაცვლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეთ, რისი არაერთი ფაქტი, სამწუხაროდ, უკვე არსებობს“, - აცხადებს ლაშა ტყებუჩავა.

მისივე თქმით, ლიფტის მოდელების ფართო არჩევანია: ჰიდრავლიკური, ელექტრული ლიფტები საცხოვრებელი თუ კომერციული შენობებისთვის, რომელზე უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება, მშენებლების და მოსახლეობის პრეროგატივაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა