თეგებით ძიება
25. 03. 2023 ბიზნესი

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენამდე?

უძრავი ქონების შეძენის დროს ადამიანებს უამრავი კითხვა უჩნდებათ: სად შეიძლება, ვიყიდოთ სახლი? როგორი უნდა იყოს ჩვენი საოცნებო ბინა? რა ბიუჯეტში შეიძლება, ჩავეტიოთ? ხომ არ მოგვატყუებენ? - შესაბამისად, ბინის ყიდვა დიდ ბედნიერებასთან ერთად, რისკებთან და მღელვარებასთან ასოცირდება.

„ლემონს ჯგუფის“ დამფუძნებელი და ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე TIA.GE-სთან ინტერვიუში გთავზობთ რჩევებს, რომლებზეც აქცენტის გაკეთება, უძრავი ქონების შეძენის პროცესს გაგიმარტივებთ.

ბიუჯეტი

გადაწყვეტილების მიღებამდე, გონივრულად უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ უძრავი ქონების ღირებულება მის ფართსა და იმ უბნებზეც არის დამოკიდებული, სადაც მდებარეობს. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ, რა ლოკაციაზე გინდათ ბინის შეძენა და რამდენი ოთახისგან უნდა შედგებოდეს თქვენი საოცნებო სახლი.

სწორად შეარჩიეთ კომპანია და გადაამოწმეთ მისი სანდოობა

უძრავი ქონების შეძენამდე, მნიშვნელოვანია, მოიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გადაამოწმოთ სამუშაო გამოცდილება, მოინახულოთ ის ობიექტები, რომლებიც უკვე დასრულებულია. შეაფასეთ არამხოლოდ კორპუსის იერსახე, არამედ სადარბაზოებისა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხიც. 

უძრავი ქონების ფართი

ბინის შერჩევისას, მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ ოჯახის წევრების რიცხოვნობა და ასევე, გაითვალისწინოთ მომავალში მათი ზრდის შესაძლებლობაც. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და ოთახების ფართის მოცულობებიც, რადგან სახლს თუ ბინას ადამიანი 10-15 წლის პერსპექტივით ყიდულობს. 15-წლიან ჭრილში კი წინასწარგანსაზღვრული ფართის გადასახადი არც ისე მძიმე ტვირთია და ოჯახის მომავალ წევრსაც საკუთარი ოთახის ქონის შესაძლებლობას აძლევს.

თუკი ტიხრების გაკეთებას თავად გეგმავთ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ რამდენი ფანჯარაცაა სახლში, იმდენი ოთახი გექნებათ.

ადგილმდებარეობა

თავდაპირველად უნდა განსაზღვროთ, ფართი საცხოვრებლად გინდათ თუ გასაქირავებლად. თუ საინვესტიციო თვალსაზრისით ყიდულობთ ბინას, სხვადასხვა ფაქტორს უნდა მიაქციოთ ყურადღება, მათ შორის მნიშვნელოვანია, უძრავი ქონება მდებარეობდეს სატრანსპორტო კვანძებთან ახლოს. 

უძრავი ქონების შემდგომი გადაყიდვის მიზნით შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ საცხოვრებელ სახლში დარჩენილი ბინების რაოდენობას, კატეგორიებს, ასევე ამ კომპანიაში ფასის ზრდის ტენდენციებს და აქედან გამომდინარე განსაზღვრეთ, აქვს თუ არა ღირებულების მატებას შემდგომი პერსპექტივა.

თუ ბინას საცხოვრებლად ყიდულობთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა შეიძლება, მშვიდ ქუჩას, უხმაურო შიდა ეზოს და ჯანსაღ გარემოს მიანიჭოთ.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, უბანი და უძრავი ქონების მდებარეობა ბინის ღირებულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. შესაბამისად, აუცილებელია, გაარკვიოთ, რა არის თქვენი პრიორიტეტი: კომერციული მიზნები თუ მშვიდ და კომფორტულ გარემოში ცხოვრება.

ინფრასტრუქტურა

მხედველობაში უნდა გქონდეთ უძრავი ქონების გარშემო მდებარე ინფრასტრუქტურაც. თქვენს სახლთან ახლოს უნდა იყო: სკოლა, ბაღი, მაღაზიები, კვების ობიექტები, ჰოსპიტალი, სპორტული დარბაზი, მოედანი, დახურული და ღია აუზები - ამ შემთხვევაში სეზონს აღარ ექნება მნიშვნელობა, ნებისმიერ დროს შეძლებთ, დაკავდეთ საყვარელი და გამაჯანსაღებელი აქტივობებით.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ტრენდული გახდა ბინის შეძენა კომპლექსებში, რომლებსაც ერთ სივრცეში გააჩნიათ აუზი, ფიტნეს ცენტრები თუ კომერციული ფართები.

პარკინგის ხელმისაწვდომობა

ქალაქში საპარკინგე ადგილების სიმცირე ერთ-ერთ მტკივნეულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ საკითხზე ბინის შეძენამდე უნდა იფიქროთ და მოიძიოთ ინფორმაცია - შეამოწმეთ რამდენად მარტივად შეძლებთ მანქანის გაჩერებას, ან აქვს თუ არა შენობას ინდივიდუალური პარკინგი. შესაბამისად, თუ ბინას საცხოვრებელი მიზნებით ყიდულობთ, უძრავი ქონების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ საპარკინგე ადგილისთვის ბიუჯეტი, რათა შემდგომში საკუთარი მანქანისთვის კერძო სივრცე გქონდეთ.

მომსახურება

უძრავი ქონების შეძენამდე უნდა გაარკვიოთ: იქნება თუ არა ტერიტორია დაცული და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ექნება თუ არა საცხოვრებელ კორპუსს ბავშვთა სივრცე, მოხდება თუ არა დაპირებული რეკრეაციული ზონის შემდგომი მოვლა-პატრონობა და ვინ იქნება პასუხისმგებელი მასზე.

დოკუმენტაცია

უძრავი ქონების შეძენამდე, აუცილებელია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (napr.gov.ge) გადაამოწმოთ საკადასტრო კოდი და გაარკვიოთ, რეგისტრირებულია თუ არა ბინა; ხომ არ არის იპოთეკით დატვირთული თქვენთვის სასურველი უძრავი ქონება, ან ხომ არ იკვეთება მესამე პირის ინტერესები; გარდა ამისა, უნდა დააზუსტოთ, თანხის გადახდის შემდეგ მოხდება თუ არა, უძრავი ქონების რეგისტრაცია რეესტრში და რა სტატუსით - მომავალი მესაკუთრე თუ მესაკუთრე.

ამასთან, შეამოწმეთ დეველოპერი და გადაამოწმეთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია. გულდასმით გაეცანით ხელშეკრულებას, მათ შორის იურისტის კონსულტაციით. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა. 

თუ განვადებით ყიდულობთ უძრავ ქონებას, გაარკვიეთ ბინის ჩაბარების პირობები, დრო და კონდიცია. ამასთანავე, გარდა მშენებლობის ვადისა, სამშენებლო კომპანიას დააზუსტებინეთ მის მიერვე გაცემული სხვა ინფრასტრუქტურული დაპირებების ჩაბარების დრო, რადგან უძრავი ქონების შესყიდვის ხელშეკრულებაში აღნიშნულია მხოლოდ ბინის ჩაბარების ვადა, ხოლო, მაგალითად, აუზი შეუძლია 5 წლის შემდეგ გახსნას, ან სკოლა - 10 წლის მერე. ამიტომ მოტყუებულად რომ არ იგრძნოთ თავი, ყველა კითხვას გაეცით პასუხი.

სარგებელი/პერსპექტივა

როდესაც უძრავ ქონებას ყიდულობთ, ცხადია, გაინტერესებთ - ხომ არ დაეცემა ბინის ფასი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ამიტომ ბინის ყიდვამდე შეაფასეთ მისი საინვესტიციო პოტენციალი. გაითვალისწინეთ საცხოვრებელი უბნის პერსპექტიულობა, რამდენად მიმზიდველი იქნება ის მომავალში. თუ გინდათ, რომ „თავი ქუდში გქონდეთ“, ბინა უნდა მდებარეობდეს - ტურისტულად მზრდად უბანში/ქალაქში/კურორტზე, იყოს ახალგარემონტებული, კომფორტული და ჰქონდეს მიმზიდველი გარემო.

დაბოლოს, აუცილებელია, რომ იყოთ დაკვირვებული, რადგან მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“.  შესაბამისად, უძრავი ქონების შეძენამდე დაფიქრდით თქვენს პრიორიტეტებზე, გაანალიზეთ ყველა ნიუანსი, დასვით საკვანძო კითხვები და მხოლოდ ამის მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა