„21-ე საუკუნეში ვუყურებთ ჩვენი ერთ-ერთ ისტორიული კუთხის დექართველიზაციის პროცესს“ - მამუკა არეშიძე
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარემ და „საზოგადოებრივი პალატის“ წევრმა დავით ფილიამ ე.წ რესპუბლიკის პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას გალის რაიონიდან მოსახლეობის გადინებაზე და ამის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა. ფილიას თქმით, გალელები სახლებს ბოლო რვა წლის განმავლობაში შექმნილი მდომარეობის გამო ტოვებენ. „გალმა მომავალში შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, რადგან იქ არავინ ცხოვრობს“– აღნიშნა ფილიამ. მისი თქმით, პრობლემას ქართული პასპორტის აფხაზურით ჩანაცვლება და აფხაზური გვარების აღდგენა აღმოფხვრის. რა დგას ფილიას ინიციატივის უკან და შეიძლება თუ არა აფხაზი ლიდერის თვითკრიტიკა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის სურვილს უკავშირდებოდეს? ამ საკითხებზე TIA.GE-ს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ესაუბრა.
- დავით ფილია ყოველთვის შუალედური პოზიციის დაკავებას ცდილობდა, რაც შეეხება ბჟანიას, რომ გითხრათ, ქართული მოსახლეობის მიმართ აგრესიულია თქო, ტყუილი იქნება, მაგრამ ვერც ერთი აფხაზი ლიდერი საქართველოსთან მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის იდეას ვერ გააჟღერებს, იმიტომ, რომ მოსახლეობის განწყობას ანგარიშს უწევს. წარმოიდგინეთ რიგითი აფხაზის მდგომარეობა, რომელსაც საქართველოსთან დაახლოების შემთხვევაში ქართველების მიტაცებული ქონების დაბრუნება მოუწევს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აქტუალური არაა. აქტუალურია ისაა, რომ აფხაზის გაგებით, დღევანდელი რუსეთი „მეწველი ძროხაა“, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობენ. სამაგიეროდ, ხმამაღლა ამბობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთში საკუთარი ინტერესების გატარება გადაწყვიტა. ცოტა მოაზროვნე აფხაზს რომ ჰკითხოთ, აუცილებლად იტყვის, რომ გრდელმსა და უროს შორისაა: ერთის მხრივ, ქართველებთან ურთიერთობის დალაგებას აზრი და პერსპექტივა არ აქვს და მეორეს მხრივ, რუსეთთან ურთიერთობა საზიანო აღმოჩნდა. უკრაინასთან ომის წლისთავზე პუტინმა „საეტაპო მოხსენება“ გააკეთა. ამ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვედრები იყო დაგეგმილი, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებთან. მერე გაჩნდა კულუარული ინფორმაცია, რომ სერიოზული ლობი მუშაობდა რომ პუტინის გამოსვლის ტექსტში შეეტანათ, რომ იგეგმება ამ ორი რეგიონის რუსეთთან შეერთება.
- ეს რაში ჭირდებოდათ?
- თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ომის წლისთავზე გარდატეხა არ ჩანდა და ხალხისთვის რაღაც წარმატება მაინც ეჩვენებინათ. იდეა თავად კრემლმა დაიწუნა, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ აფხაზების საარაუდო რეაქციის შესახებ. პუტინის ტექსტში დაკმაყოფილდნენ იმის აღნიშვნით, რომ რუსეთი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას თავის საზღვართან მდებარე სახელმწიფოებთან. მეორე ფაქტი რომელიც ფიქრისა და ანალიზის საშუალებას გვაძლევს სომხურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციაა. ამ ინფორმაციის თანახმად, მაისის ბოლოს შვეიცარიაში რუსული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, სადაც ყარაბაღის გაყოფასთან დაკავშირებული საკითხი გაჟღერდა და იქვე საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გაყოფის საკითხიც დაისვა. ეს ინფორმაცია რამდენად სარწმუნოა არავინ იცის, მაგრამ ამას აფხაზეთში ბომბის აფეთქების მსგავსი ეფექტი ჰქონდა. აფხაზები გამუდმებით ეჭვობენ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის რაღაც ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ურთიერთობის სისტემა შეიცვალა. სოხუმის აეროპორტის აღდგენის შეთანხმებაც აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტის გადასაფარად შედგა, თუმცა ის აფხაზეთისთვის უაღრესად კაბალურია. ფაქტობრივად, ეს კოლონიალური დოკუმენტია! - მთელი აეროპორტი რუსეთის ხელშია, შემოსავალი რუსეთს მიაქვს და აფხაზებს რჩებათ ტერიტორია, სადაც შეიძლება ვიღაცები დასაქმდნენ. სხვათა შორის, რუსები აფხაზურ სოციალურ ქსელებს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან და დიდწილად, ამ განწყობების მიხედვით აწყობენ თავიანთ პოლიტიკას აფხაზების მიმართ.
- გამოდის, რომ აფხაზეთში საქართველოს მიმართ განწყობის შეცვლის იმედი ტყუილად გვაქვს?
- ეს განწყობები გარკვეული რაოდენობის ადამიანებში ნამდვილად შეიცვალა. ნამდვილად არსებობს დაურ ბუავა, რომელიც ჩამოდის აქ და პერფორმანსებს აწყობს, მას აფხაზეთის ახალგაზრდობაში მხარდამჭერებიც ჰყავს, მაგრამ ეს კლიმატს ვერ შეცვლის. იმის იმედი ნუ გვექნება, რომ აფხაზურ საზოგადოებაში გამოჩნდება ლიდერი, რომელიც თავის და ჩვენს საქმეს გააკეთებს.
- დავით ფილიამ აფხაზური გვარების აღდგენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 1700-ზე მეტ ადამიანს ისტორიული გვარის აღდგენა სურს.
- ეს ციფრი ტყუილია, თუმცა რაღაც რაოდენობის ადამიანი ნამდვილად არსებობს. არსებობენ გვარები, რომლებიც გაქართველდნენ და არსებობენ გვარები, რომლებიც გააფხაზდნენ. შეფარდება დაახლოებით ერთ ათთანაა, სამწუხაროდ, გააფხაზებულების სასარგებლოდ. ტენდენცია გრძელდება... 90-იანი წლების ბოლოს გალის რაიონს რიგი სოფლები ჩამოაჭრეს და ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონს შეუერთეს. იმ სოფლებში ქართულ თემასთან დაკავშირებით სრული განუკითხაობაა. ახალგაზრდების წაყვანა სოხუმში, იქაურ უნივერსიტეტებში მოწყობა, ჯარში წაყვანა, იქ რბილი ზეწოლა, რომ მეგრული დაბოლოების მქონე ადამიანებმა პასპორტში აფხაზი ჩაწერონ და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. 21-ე საუკუნეში ვუყურებთ ჩვენი ერთ-ერთ ისტორიული კუთხის დექართველიზაციის პროცესს, რაც ძალიან სამწუხაროა.