შესაძლებელია ისეთი ადამიანი არჩეულიყო, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა“ - ირაკლი რუხაძე მიხეილ ყაველაშვილზე
შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ეთერში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
რუხაძის თქმით, მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ, როცა „ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს“.
"მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ, მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია, როგორც პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი წლის მერე თუ ხუთი წლის მერე, რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს“, - აღნიშნა რუხაძემ „იმედთან“ ინტერვიუში.