„კაცს ფიზიკურად დედა ბადებს, თუმცა მის მეტაფიზიკურად დაბადებაში სხვა ქალი იღებს მონაწილეობას“ - რამაზ გიგაური
ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოიციალურ ქსელში საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს.
„კაცს ფიზიკურად დედა ბადებს, თუმცა მის მეტაფიზიკურად დაბადებაში სხვა ქალი იღებს მონაწილეობას. ქალთან ურთიერთობის პრიზმაში მამაკაცი სწავლობს საკუთარ თავს, აკეთებს თავის თავში მანამდე უცნობ აღმოჩენებს. ამ გზაზე მიმავალი ზოგჯერ სამოთხეში ხვდება და ეს ცაში აფრენის მსგავსი შეგრძნებააა, როდესაც სიხარულისგან გული ყელში ამოდის. ზოგჯერაც ჯოჯოხეთში უწევს ჩასვლა და ეს შემზარავი განცდაა - ღრმა და საშინელ უფსკრულში ჩახედვის მსგავსი. თუმცა ეს სამოთხეც და უფსკრულიც მამაკაცის ერთგვარი სკნელებია - ზესკნელი და ქვესკნელი. ფაქტობრივად, ეს ლაბირინთია.
ყველა მამაკაცი ცხოვრების განმავლობაში თეზევსის მსგავსად შედის ლაბირინთში და ეს ლაბირინთი არის მისივე თავი. თვითონ მამაკაცია ეს ლაბირინთი. მინოტავრიც თვითონ არის, მისი მიწიერი, ცხოველური „მე“ (თეზევსი და მინოტავრი, ქრისტიანობაში წმინდა გიორგად და გველეშაპად რომ იქცა) და მას მინოტავრის დამარცხების შანსი არ აქვს და თუნდაც დაამარცხოს, მაინც დაიკარგება საკუთარ თავში (ლაბირინთში) და გარეთ ვერ გამოაღწევს.
და აქ შემოდის არიადნე (ქალი), რომელმაც გზა უნდა ასწავლოს მამაკაცს, თავისი ფსიქიკის მიხვეულ-მოხვეულებში გაარკვიოს და სამშვიდობის გამოიყვანოს.
თუ მამაკაცს რთული ბავშვობა ჰქონდა და მას დედის სიყვარული დააკლდა, ის ვერ ენდობა სხვა ქალს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ცდილობს მისგან გაქცევას, რადგან ყოველი მცდელობა შევიდეს თავის ლაბირინთში, ცხოველურად აშინებს და საბოლოო ჯამში მამაკაცი ხდება მინოტავრი, რომელიც „ჭამს“ მისივე ჭეშმარიტ „მე“-ს (მიწა ამარცხებს ზეცას). ამ დროს ის ინვოლუციას განიცდის და ყველანაირად რეგრესირდება (პარადოქსია, მაგრამ არც თუ იშვიათად, ამ ყველაფერში მამაკაცი სწორედ ქალს ადანაშაულებს).
ყველაზე სწორი გზა ლაბირინთში შესვლაა, მაგრამ აქ აუცილებელია ძაფი, ის სიცოცხლის ვერცხლისფერი ძაფი, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ქალს უბოძა და კაცს სწორედ ქალის მეშვეობით, მასთან სწორი ურთიერთობების შემდეგ ეძლევა“, - წერს რამაზ გიგაური.