თეგებით ძიება

როცა საქმე კვების პროდუქტებს ეხება, არ შეიძლება ვინმესთან ენის მოჩლექით საუბარი - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

რძესთან დაკავშირებული სკანდალი ჯერ „არ გაცივებულა“, რომ ლაშა პაპაშვილთან დაკავშირებით ახალი სკანდალი აგორდა. „ყვარლის ბაგის“ მფლობელმა BM.GE-სთან ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა: „სასაკლაოზე რომ ვაგზავნი ძროხას, რომელს გავაგზავნი, როგორ ფიქრობთ? ჯანმრთელს გავაგზავნი? მეწველს გავაგზავნი? არაბერწს გავაგზავნი? არაენდომეტრიტიანს გავაგზავნი? ვაგზავნი, რომელიც პრობლემურია – გაბერწდა, აბორტი ჰქონდა და ა.შ.“ როგორ გავიგოთ ბიზნესმენის სიტყვები და რამდენად უსაფრთხოა ბაზარზე გამოტანილი რძე და ხორცი, ამის გასარკვევად TIA.GE „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს დაუკავშირდა:

_ სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, გეტყვით, რომ სკანდალს, რომელიც დღეს ხდება, თავისი ახსნა აქვს - არც ფერმის მეპატრონემ და არც საზოგადოებამ ერთმანეთთან საურთიერთო ენა არ იციან. ფერმის რძის შეძენას არავინ შეწყვეტს, იმიტომ, რომ ქვეყანაში რძის ისეთი დეფიციტია, რომ ყველის მწარმოებლები წვეთ-წვეთობით დაეძებენ. ამიტომ, როცა ქვეყანაში ინტენსიური ფერმა არსებობს, სადაც ისრაელიდან ჩამოყვანილი, ცნობილი ჯიშის ძროხები დღეში  დაახლოებით 40 ტონა რძეს იწველიან, ეს დიდი ფუფუნებაა. ყველა ყველის მწარმოებელი ოცნებობს, რომ ჯანმრთელი და შემოწმებული რძე ერთი ფერმიდან წამოიღოს. რაც შეეხება იმას, რომ სკანდალის ფონზე ყველა გაღიზიანებული ვართ, ჩვენ, მოქალაქეებმა, მომხმარებლებმა და პირველ რიგში სახელმწიფომ ერთმანეთთან სალაპარაკო ენა არ ვიცით. არავინ გველაპარაკება და გასაგებ ენაზე არ გვიხსნის, როდესაც პრობლემა ჩნდება. პირდაპირ სკანდალში გადავდივართ. ეტყობა ჩვენი ეროვნული ხასიათია, რომ ვიჩხუბოთ, ვიყვიროთ, ვიკივლოთ და როცა ურემი გადაბრუნდება, გადარჩენილ გზას ვუყუროთ. უი, თურმე გზა ყოფილა. არადა, ამ გზას ურმის გადაბრუნებამდე უნდა ვეძებდეთ. თუ რძე დასალევად არ ვარგა იმის გამო, რომ ფერმერმა საქონელს ცუდი საკვები მისცა, ცხადია, რომ არც მისი ხორცი ივარგებს. როცა საქონელს ანტიბიოტიკს აძლევ, იმას თავისი დრო აქვს. ზოგი სამ დღეში გასდის, ზოგი ერთ კვირაში, ზოგი შეიძლება ცხოველის ორგანიზმში 10 დღე დარჩეს, ამიტომ გონიერი ფერმერი და გლეხური მეურნეობა დაყოვნების პერიოდს იცავს. ახლა მითხარით, რამდენი კეთილსინდისიერი ადამიანი გეგულებათ, რომელიც 10 დღე რძეს გადაღვრის? რამდენი გეგულებათ ადამიანი, რომელსაც ყველს შეუმოწმებ, რამდენიმე შტამს, მათ შორის სახიფათოს აღმოუჩენ და ამ ყველს არ გაყიდის? მე ძალიან ცოტა.

_ ადამიანების კეთილინდისიერების იმედზე უნდა ვიყოთ?

_ არ უნდა ვიყოთ. ადამიანები ზარალს გაურბიან და სადაც გასდით, ყველაფერს აკეთებენ. იქ, სადაც მაღალი კატეგორიის კონტროლია და სახელმწიფო თავის სიმაღლეზეა, ასეთი რაღაცეები არ ხდება. ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, ჩვენ  განათლების პრობლემაც გვაქვს.  სოციალურ ქსელში ადამიანი მეკამათება -  რატომ უნდა ვიცოდე რა ჭირს ყველს? მე რა ვალდებული ვარ, რომ ლაბორატორიაში ვირბინო? არ ხარ ვალდებული, მაგრამ როცა ეჭვი გაგიჩნდა, ფერი არ მოგეწონს, სუნი არ მოგწონს, იმ წუთში სურსათის უვნებლობა უნდა გამოიძახო და დაალუქინო ყველი იქნება თუ ხორცი. რამდენი ადამიანი აკეთებს ამას? ცოტა! რამდენი ადამიანი დგას მაღაზიის დახლთან და კითხულობს ეტიკეტს? ცოტა! რა თქმა უნდა, ვალდებული არ ხარ, რომ სახლში ლუგარის ლაბორატორია გქონდეს, მაგრამ იცოდე რას ჭამ, ამის უფლება ხომ გვაქვს ადამიანებს? ახლა, ამხელა სკანდალის შემდეგ დააკვირდით, ვინმე წაიკთხავს? ან დახლთან იკითხავს ვარგისისნია თუ უვარგისი? 

-  რატომ ვუხდით სახელმწიფოს გადასახადებს, რომელმაც ეტიკეტიც უნდა წაიკითხოს და ვარგისიანობაც უნდა შეამოწმოს?

_ძალიან სწორი შეკითხვაა და ყოველთვის ვიტყვი, რომ პირველი არის სახელმწიფო, მეორე არის მწარმოებელი, მესამე კი მომხმარებელია. ჩვენ უნდა ვითხოვდეთ სახელმწიფოსგან ანალიზებს. თუ ჩვენ არ გვაქვს სწორი კომუნიკაციები, ვის უნდა მოვთხოვოთ? რასაკვირველია, სახელმწიფოს. ვინ უნდა დაიცვას? რასაკვირველია, ბიზნესმა. ვინ უნდა იყოს გაფრთხილებული და ყურადღებიანი? რასაკვირველია მომხმარებელი. ფერმერი და მწარმოებელი უნდ ვაიძულოთ, რომ კეთილდინდისიერი გახდეს და მომხმარებელი სულ მუდამ გაფრთხილებული უნდა იყოს.

_ შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს საქართველოში რძე და ხორცი  უსაფრთხოა და შიშის გარეშე გამოყენება შეიძლება? 

_ დედამიწის ზურგზე არ არსებობს სრულიად უსაფრთხო,  მით უმეტეს, ბიოლოგიური არსება: ძროხა, თხა, კამეჩი და ა.შ. საჭიროა რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, ინტენსიური კონტროლი და როცა კვების პროდუქტებზე გვაქვს ლაპარაკი, არ შეიძლება ვინმესთან ენის მოჩლექით საუბარი, ეს იქნება გლეხური მეურნეობა თუ ინტენსიური ფერმა, ერთნაირად უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი. 

ახლა ახალი ტალღა აგორდა. 200 ძროხა არ დაგიმარხავს? დახოცილები გვაჭამე? მედიის ვალია, რომ როცა ასეთი სკანდალი ხდება, მაშინ მაინც გამოვიყენოთ ეს შანსი და ავუხსნათ ადამიანებს ისე, რომ არ დავზაფროთ, არ მოვკლათ. ორი ტერმინი არსებობს, ერთი არის დავარდნა, როცა საქონელს დაავადება შეეყარა და დაიხოცა და მეორეა დაკვლა. დაკვლა როგორ ხდება? მაგალითად, ცური გაუფუჭდა, ფეხი დაიზიანა, საშვილოსნოს ანთება დაემართა. მას მკურნალობენ, ვეტერინარი დებს დასკვნას, რომ ეს დასაკლავად ვარგისია და მიდის სასაკლაოზე იმიტომ, რომ მეტ შთამომავლობას ვერ მოგცემს. ეს ნიშნავს, რომ ლაქტაციის პერიოდი არ ექნება, რძეს ვერ მოიწველება და უვარგისია იმ ბიზნესისთვის, რა ბიზნესისთვისაც ვიყიდე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელია, ასეთი ძროხა დედამიწის ზურგზე ყველა ფერმაში მიდის სასაკლაოზე. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ აპრილს "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება. სადაც ნათქვამია, რომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. "ყვარლის ბაგის" რძეს ყიდულობს "სანტე", "სოფლის ნობათი", "აგროჰაბი" და "ყვარლის ბაგის" შვილობილი "რძის ლაბორატორია". 2020 წელს ლაშა პაპაშვილმა კომპანია "ჩირინას" ("ბიუ-ბიუ"), რომლისგანაც ქათმის ნაკელს ყიდულობდა — სასამართლოში უჩივლა, დავა მოუგო და მას 4,7-მილიონიანი ზარალის გადახდა დააკისრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა