რატომ არის ციფრული ტექნოლოგიები გადამწყვეტი დღეს? - ინტერვიუ ამირან ღავთაძესთან
ციფრული მარკეტინგის როლი დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შეცვალა მომხმარებელთან კომუნიკაციის გზები და კომპანიებისთვის აუცილებელი გახდა, ეფექტურად ეთქვათ თავიანთი სიტყვა ონლაინ სივრცეში. მაშინ, როცა ისეთმა პლატფორმამაც კი, როგორიცაა Skype, ვერ შეძლო პოზიციების შენარჩუნება და ეტაპობრივად გადაეცა ადგილი ახალ ციფრულ არხებსა და კომუნიკაციის ფორმებს, ნათლად გამოჩნდა, რომ ადაპტაცია და ინოვაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
Skype-ის გაქრობა ბაზრიდან გვახსენებს, რომ ციფრულ სამყაროში მუდმივი განვითარება და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება უმთავრესია.
როგორ უნდა მოიქცეს დღეს ბიზნესი? რა როლს თამაშობს ციფრული მარკეტინგი ახალი შესაძლებლობების შექმნაში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Tia.ge-ს ესაუბრა კომპანია "ლემონსის" ტექნიკური დირექტორი, ამირან ღავთაძე.
- ამირან, კომპანია "ლემონსი" ძირითადად ემსახურება დეველოპერებს სამშენებლო სექტორში. რა როლი აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს ამ პროცესში?
ციფრული ტექნოლოგიები გვეხმარება პროცესების დაჩქარებაში და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაში. მაგალითად, ეს ეხება ხელშეკრულებების შედგენას, ბინების გადაყიდვას, გადაცვლას, ასევე კომუნიკაციას კონკრეტულ მომხმარებელთან.
- რომელ ციფრულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული თქვენი რეკლამების ძირითადი მიმართულებები?
ჩვენ ძირითადად ლიდებს ვიღებთ სოციალური ქსელებიდან. ფეისბუქის საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას დაინტერესებული პირების შესახებ.
- facebook-ის გარდა კიდევ რა ციფრულ არხებს იყენებთ?
ვიყენებთ კომპანიების ვებგვერდებსაც, სადაც ჩაშენებული გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები. ისინი ესაუბრებიან ვიზიტორებს და აგროვებენ მათგან საჭირო ინფორმაციას.
- რას ფიქრობთ WhatsApp-ის, Skype-ისა და Viber-ის მსგავს სოციალურ პლატფორმებზე?
ლიდის მიღების შემდეგ, დამატებითი კომუნიკაცია ხშირად ხდება სწორედ ამ პლატფორმების საშუალებით, განსაკუთრებით ემიგრანტ მომხმარებლებთან. ასევე ვიყენებთ ონლაინ შეხვედრებისთვის, როცა მომხმარებლებს ფიზიკურად ვერ ახერხებენ ადგილზე მოსვლას. ასეთ დროს გაყიდვების მენეჯერები უკავშირდებიან მათ WhatsApp-ის, Viber-ის ან სხვა პლატფორმების მეშვეობით.
- გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ Skype წყვეტს არსებობას. იყენებდით ამ პროგრამას?
სიმართლე რომ გითხრათ, Skype-ს არ ვიყენებდით. ძირითადად WhatsApp-სა და Viber-ს ვახდენთ კომუნიკაციას.
- იყო პერიოდი, როდესაც Skype ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალება იყო. გაიხსენეთ, როგორი იყო ტრენდი, როცა საქმიანობა დაიწყეთ, და როგორია დღეს?
ადრე ძირითადად ვიყენებდით Yahoo-ს მესენჯერსა და ICQ-ს, თუმცა როგორც ჩანს, ამ კომპანიებმა ვერ აუბეს ფეხი ციფრული სამყაროს სწრაფ ცვლილებებს და ეტაპობრივად დაკარგეს პოპულარობა.
- რას ნიშნავს "სწრაფ ცვლილებებს ფეხი ვერ აუბეს"?
დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველაფერი სწრაფად ავტომატიზირდება, მათ შორის აპლიკაციების შექმნაც. თუ კომპანია ვერ ეწყობა ამ მუდმივ ცვლილებებს და განვითარებას, ადრე თუ გვიან ბაზრიდან გააქრება.
- რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიისთვის საკუთარი აპლიკაციის ქონა?
აპლიკაცია ვებგვერდთან შედარებით უფრო მოქნილია, განსაკუთრებით მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის კუთხით. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია პირდაპირ მომხმარებლისთვის შეტყობინებების გაგზავნა, რასაც ვებგვერდი ვერ ახერხებს. მაგალითად, როდესაც ონლაინ მაღაზიის აპლიკაცია გაქვთ ტელეფონში და აქტიურად არაფერს ყიდულობთ, შეიძლება მოგივიდეთ შეტყობინება ახალ აქციაზე ან ფასდაკლებაზე, რაც თქვენს ყიდვის სურვილზე პირდაპირ მოქმედებს. კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მუდმივად იყვნენ თავიანთ მომხმარებლებთან ახლოს, აპლიკაცია საუკეთესო ინსტრუმენტია.