თეგებით ძიება

არწრუნის ქარვასლა - ისტორია, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია

ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საუკუნეების განმავლობაში, რეგიონს მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად ევლინებოდა. გასაკვირი არ არის, რომ ძველად, თბილისის ბევრი შენობა ვაჭრობისთვის იყო განკუთვნილი.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია ქარვასლები, რომელთა უმეტესობა სიონის ტაძრის ირგვლივ იყო თავმოყრილი. შეგახსენებთ, რომ ქარვასლა ქარავნის სახლს ნიშნავს და მოგზაურთა და ვაჭართა ქარავნების ღამის გასათენებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა. 

თბილისში დღემდე შემორჩენილი ქარვასლების უმეტესობა მე-19 საუკუნეში არის აგებული და სტრუქტურულად ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათ შორის არწრუნის ქარვასლას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს შენობა სიონის ქუჩასა და სანაპიროს შორის მდებარეობდა და სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო.

ყველაფერი 1650 წელს დაიწყო, როდესაც ქართლ-კახეთის მეფე როსტომმა სიონის ეკლესიის სამხრეთით ქარვასლა ააგო.  XVIII საუკუნის დასაწყისში ქარვასლა მაშინდელ თბილელ ეპისკოპოსს, დომენტი მესამეს გადაეცა. ეს ქარვასლა ვახუშტი ბატონიშვილს თავის თბილისის გეგმაზე ჰქონდა დატანილი. 1795 წელს, როცა აღა-მაჰმად ხანმა თბილისი ააოხრა და გაძარცვა, მისმა მეომრებმა  ქარვასლა მიწასთან გაასწორეს. 1818 წელს თბილისში მცხოვრებმა სომეხმა მოღვაწემ, გევორქ აღა-არწრუნმა ძველი ქარვასლის საძირკველზე ახალი ააგო.  ეს იყო სამსართულიანი შენობა, რომლის ზედა სართულზე 33 საცხოვრებელი ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე — 25 სავაჭრო მცირე ობიექტი და მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო საბითუმო ფასებში საქონლის შეძენა. ქარვასლის პირველ სართულზე ერთი დიდი ფართობის და 24 მცირე ზომის სათავსოები და საწყობები მდებარეობდა. ასევე, გახსნილი იყო 11 ოთახი, სადაც  მეწაღეები და მკერავები მუშაობდნენ. ქარვასლას შიდა ეზოში აუზიც ჰქონდა. 

ცნობილია, რომ არწრუნის ქარვასლა საქართველოში მოგზაურობის დროს  რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ მოინახულა და აღფრთოვანებული დარჩა. 

1855 წელს მრავალჭირნახულ ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა და  მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა, ამის შემდეგ შენობა მალევე გადააკეთეს. 1910 წელს შენობაში დაარსდა ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი, მოგვიანებით 1943 წელს კი მას თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა. 1985 წელს შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით, რა დროსაც შიდა ეზო გადაიხურა. 1985 წლიდან კი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს იოსებ გრიშაშვილის სახელი ეწოდა და დღემდე ფუნქციონირებს.

ქარვასლის ამ უნიკალურ სარდაფებში არის გახსნილი ღვინის მუზეუმი, რომელიც 200-ზე მეტი ღვინის სახეობის გარდა გვიანი შუა საუკუნეების ისტორიას გვიყვება და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას გვაცნობს. 

ამ მუზეუმში თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან, კულტურასთან დაკავშირებული 50 000-ზე მეტი ექსპონატი გელოდებათ. ესაა: უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები, ძველი სახლების მაკეტები, კერამიკის, ფაიფურის ნაკეთობები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხელნაწერები, მონეტები, სამკაულები და ეროვნული სამოსის ელემენტები. 

მუზეუმის მეორე სართულზე განთავსებულია მუდმივი ექსპოზიცია, მესამე სართულზე კი თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევართა დროებითი გამოფენების ნახვას შეძლებთ. არანაკლებ საინტერესოა მუზეუმის პირველი სართული, სადაც სუვენირების მაღაზიები და რესტორანია განთავსებული, სადაც უგემრიელესი ქართული კერძებითა და ღვინით გაგიმასპინძლდებიან.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა