მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში თბილისში - აპოლოს ისტორია
კინოთეატრი „აპოლო“ (დავით აღმაშენებლის N135) - თბილისში კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობა. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია.
„აპოლო“ აშენდა 1909 წელს, როგორც კერძო კინოთეატრი. დადასტურებულად უცნობია, თუ ვინ იყო ამ შენობის არქიტექტორი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება არქიტექტორი კოლჩინი ყოფილიყო. შენობის გაფორმება ა. ნოვაკმა და კარლ სოუჩეკმა შეასრულეს.
„აპოლო“ თბილისში პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე (დღეს - დავით აღმაშენებლის გამზირი). შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც.
კინოთეატრი „აპოლო“ თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. ნაგებობა მოდერნის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში.
საბჭოთა პერიოდში მას „ოქტომბერი“ ეწოდებოდა. 1987 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. მიუხედავად საფუძვლიანი რეკონსტრუქციისა, რომელმაც შეცვალა კინოთეატრის შიდა გეგმარებითი მოწყობა და ახალ ყაიდაზე გადაიყვანა მისი ფუნქციონირება, პრაქტიკულად ხელშეუხებელი დარჩა ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც საბედნიეროდ დღემდე არის შემონახული და იძლევა საშუალებას მათი კონსერვაცია-რესტავრაციისათვის.
1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი „აპოლო“. 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოხდა მისი რეკონსტრუქციაც.
შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ია კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული.
ფოიედან დაწყებული, დარბაზის გარეთ არსებულ სივრცეებში უამრავი დეკორატიული ელემენტი – ნალესი რელიეფები, სვეტების კაპიტელებისა და ბაზების ქვის ჩუქურთმა, კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, იატაკის მოზაიკა და ლითონის ჭედურობა მოდერნის სტილის კინოთეატრის უმდიდრესი შიდა კაზმულობის დამადასტურებელია.