როგორი იქნება განახლებული "დინამო არენა“?
თანამედროვე სამყაროში სტადიონი მხოლოდ სპორტული არენა აღარ არის, ის არქიტექტურის, ემოციისა და ურბანული იდენტობის ნაწილია. მაშინაც კი, როცა ფეხბურთი შენი ინტერესის სფერო არ არის, რთულია გულგრილი დარჩე იმ სივრცის მიმართ, რომელიც ათიათასობით ადამიანს აერთიანებს და საკუთარ ქალაქს მსოფლიო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ქართული ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ადგილი, სადაც საბჭოთა ეპოქის "დინამო“ თამაშობდა და ხშირად მთელი ერის იდენტობასა და თავისუფლების განცდას გამოხატავდა. ეს ის სტადიონია, სადაც მიხეილ მესხი და დავით ყიფიანი თამაშობდნენ, სადაც დიეგო მარადონას უთამაშია და სადაც უეფას სუპერთასის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა (ბარსელონა-სევილია) გაიმართა.
მოკლედ, სხვადასხვა ეპოქაში ამ სტადიონზე ქართულმა ფეხბურთმა საკუთარი ისტორია დაწერა. თუმცა დღეს „დინამო არენა“ მხოლოდ დიდ მოგონებებს აღარ უკავშირდება, ის გვახსენებს მოძველებულ ინფრასტრუქტურას, დისკომფორტს და გვიქმნის განცდას, რომ ეს ისტორია უკეთეს სივრცეს იმსახურებს.
ქვეყნის მთავარი სტადიონი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზეა, მაგრამ თავად ქალაქის ცხოვრებიდან ნაწილობრივ ამოვარდნილია. მაღალი ღობეებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც წესით უნდა იყოს ენერგიის, მოძრაობისა და შეხვედრების ადგილი, უფრო იზოლირებულ კუნძულს ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ურბანულ ცენტრს. ცოტახნის წინ არქიტექტურულმა სტუდია "დინასტიამ“ „დინამო არენას“ რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია შეიმუშავა და დეტალებიც გამოაქვეყნა.
როგორც „დინასტიის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, დღეს სტადიონი უწყვეტი ღობით არის შემოსაზღვრული, რის გამოც იგი ქალაქის ურბანული ქსოვილისგან იზოლირებულ ობიექტად იქცა. ამგვარი გამიჯვნა უარყოფითად აისახება როგორც თავად სტადიონზე, ისე მის გარშემო არსებულ გარემოზე და ქალაქისთვის დაკარგულ შესაძლებლობად რჩება... სივრცედ, რომელიც ყოველდღიურ ურბანულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ვერ ერთვება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაყურებელთა რაოდენობის 70 000-ზე მეტად გაზრდის გეგმაა. თუ ეს გეგმა რეალობად იქცევა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის, რადგან თანამედროვეობაში სტადიონის ტევადობა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რა მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა შეუძლია ქვეყანას. UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებთან შესაბამისი დიდი არენა ნიშნავს უფრო რეალურ შესაძლებლობას, საქართველომ უმასპინძლოს ევროპული თუ მსოფლიო დონის მატჩებს, ფინალებს, საკვალიფიკაციო ტურნირებსა და დიდ კონცერტებს.