თბილისის უძრავი ქონების ბაზარი - ირაკლი გვაზავას შეფასება და რეკომენდაციები
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშეა. მაშინ, როდესაც საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია დისკუსია ფასების შესაძლო რყევების შესახებ, პროფესიონალები ბაზრის სიმწიფეზე, ურბანიზაციის გავლენასა და ინვესტიციების ახალ, უფრო რაციონალურ კრიტერიუმებზე საუბრობენ. ამავდროულად, სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, დღის წესრიგში დგება ისეთი თემები, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, როგორც ინვესტიციის დაბრუნების (ROI) გარანტი, და ტექნოლოგიური ინოვაციები - მოდულური მშენებლობიდან 3D-ბეჭდვამდე.
Tia.ge-ს ამომწურავ ინტერვიუში, უძრავი ქონების ექსპერტი, ირაკლი გვაზავა თბილისის ბაზრის დღევანდელ სტრუქტურას, სამშენებლო ინდუსტრიის გამოწვევებს და იმ მთავარ ფაქტორებს აანალიზებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში სექტორის განვითარებას განსაზღვრავს.
მიუხედავად დამკვიდრებული შეხედულებისა, რომ უძრავი ქონება ყოველთვის მომგებიანია, რამდენად რეალისტურია თბილისის ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის სცენარი და რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს?
- უძრავი ქონება არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის აქტივი, რომელიც მხოლოდ ერთ მიმართულებით მოძრაობს. თუმცა თბილისის შემთხვევაში დღეს უფრო მეტად ვხედავთ ბაზრის სიმწიფესა და სტაბილურობას, ვიდრე მკვეთრი რყევების წინაპირობებს.
ბოლო წლებში მოთხოვნას მხარს უჭერს მოსახლეობის ზრდა, ურბანიზაცია, უცხოური ინვესტიციები და სამშენებლო ხარჯების მატება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბაზარი დამოკიდებულია ეკონომიკურ გარემოზე და გარკვეული კორექციები ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე მე უფრო რეალისტურად მიმაჩნია ფასების ზრდის ტემპის შენელება ან სტაბილიზაცია, ვიდრე მასშტაბური ვარდნა. ინვესტორისთვის მთავარი საკითხი დღეს არა "დაეცემა თუ არა ბაზარი“, არამედ "რომელ ლოკაციასა და პროექტს აირჩევს“ არის.
რამდენად დიდია მოთხოვნა ენერგოეფექტურ შენობებზე საქართველოში და აისახება თუ არა ეს ინვესტიციის დაბრუნების (ROI) კოეფიციენტზე?
- რამდენიმე წლის წინ ენერგოეფექტურობა დამატებითი უპირატესობა იყო, დღეს კი თანდათან აუცილებელ სტანდარტად იქცევა. მყიდველები უკვე აღარ აფასებენ მხოლოდ კვადრატულ მეტრებსა და ხედებს, მათთვის მნიშვნელოვანია კომუნალური ხარჯები, თბოიზოლაცია და საცხოვრებელი გარემოს ხარისხი. შესაბამისად, ენერგოეფექტური ბინები უფრო კონკურენტუნარიანია როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების ბაზარზე. ეს პირდაპირ აისახება ROI-ზე: ქონება უფრო სწრაფად პოულობს მყიდველს ან დამქირავებელს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთ ინარჩუნებს ღირებულებას.
რა პერსპექტივა აქვს 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიას ან მოდულურ მშენებლობას საქართველოში,იმის გათვალისწინებით, რომ მასალების ფასი სულ იზრდება?
- სამშენებლო ინდუსტრია ყოველთვის ეძებს გზებს, როგორ ააშენოს უფრო სწრაფად, ხარისხიანად და ეკონომიურად. სწორედ ამიტომ მოდულური მშენებლობა და 3D-ბეჭდვა უკვე აღარ არის მხოლოდ მომავლის იდეა ეს ტექნოლოგიები ნელ-ნელა რეალურ ალტერნატივად ყალიბდება.
საქართველოს პირობებში, ჩემი აზრით, მოდულურ მშენებლობას უფრო სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვს, რადგან ის ამცირებს მშენებლობის ვადებს, ამარტივებს პროცესების მართვას და ნაწილობრივ ამცირებს ხარჯებს. 3D-ბეჭდვა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა თუ ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდება, განსაკუთრებით კერძო სახლების სექტორში საინტერესო ცვლილებების მოტანა შეუძლია. საბოლოოდ, მასალებისა და სამუშაო ძალის გაძვირება სწორედ ის ფაქტორია, რომელიც მსგავს ინოვაციებს ბაზარზე უფრო მოთხოვნადს გახდის.