თეგებით ძიება

რა ღირს იპოთეკის დასრულების შემდეგ, ბინის მესაკუთრედ რეგისტრირება - როგორია უძრავი ქონების გაფორმების ტარიფები

ბევრმა მსესხებელმა არ იცის, რომ იპოთეკური სესხის განულება და ვალდებულების სრულად ამოწურვა ავტომატურად არ ნიშნავს ბინის სამართლებრივ „გათავისუფლებას“ და თანაც, უფასოდ. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სრულფასოვან მესაკუთრედ დარეგისტრირება ან მასზე არსებული შეზღუდვების მოხსნა დამატებით პროცედურებთან და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

სესხის დაფარვის შემდეგ, ბანკმა ელექტრონულად ან მატერიალურად უნდა გასცეს იპოთეკის გაუქმების თაობაზე თანხმობის წერილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კი იპოთეკის გაუქმება ფასიანი მომსახურებაა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, ტარიფი შემდეგია, კერძოდ:

  • 4 სამუშაო დღეში რეგისტრაცია - 150 ლარი;
  • განცხადების შეტანის დღეს - 350 ლარი;
  • ერთ სამუშაო დღეში - 270 ლარი.

ამასთან, ასევე ფასიანია, იპოთეკის ცნობის აღება ან მასში ცვლილების შეტანა. აღნიშნული მომსახურება სტანდარტულად 75 ლარი ღირს.

რაც შეეხება ზოგადად უძრავი ქონებაზე უფლების წარმოშობას (გადაფორმებას), მასზე ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაციას, ასევე 150 ლარიდან 350 ლარამდე ჯდება. უფრო კონკრეტულად:

  • 4 სამუშაო დღეში - 150 ლარი;
  • განცხადების შეტანის დღეს - 350 ლარი;
  • ერთ სამუშაო დღეში - 270 ლარი.

იგივე ტარიფები ვრცელდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციაზე.

გარდა ამისა, ფასიანია:

  • მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია, რაც ასევე 150-ლარიდან 350 ლარამდე ჯდება;
  • სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია - 300 ლარი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით უფასოა:

  • უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია;
  • რეგისტრირებულ მონაცემში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;
  • საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებაზე წინასწარი საკუთრების უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრის დადგენის რეგისტრაცია;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე მრავალბინიან სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრის და მასში ცვლილების რეგისტრაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა