თეგებით ძიება

სამშენებლო ინდუსტრიის ტრანსფორმაცია და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ბოლო წლებში საქართველოს დიდ ქალაქებში მომრავლებული სამშენებლო ამწეები ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. დღეს მშენებლობის სექტორი მხოლოდ ახალ საცხოვრებლებსა და ინფრასტრუქტურას არ ნიშნავს - ის არის ინდუსტრია, რომელიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს დასაქმებაზე, მომიჯნავე დარგებსა და საინვესტიციო კლიმატზე.

ლიდერობა რეგიონში და ბაზრის მოცულობა

"გალთ ენდ თაგარტის“ უახლესი კვლევის თანახმად, სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის განვითარებაში კიდევ უფრო გაიზარდა. 2025 წელს ბაზრის საერთო მოცულობამ 7,3 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო მისმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 8% შეადგინა. ამ მაჩვენებლით საქართველო, 15 შერჩეულ ქვეყანას შორის, საპატიო მესამე ადგილს იკავებს ყირგიზეთისა და ხორვატიის შემდეგ.

სექტორის ასეთი სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

  • გაზრდილმა ფასებმა;
  • რეკორდულმა მოთხოვნამ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან.

ექსპერტები დარგში ზრდის დინამიკის შენარჩუნებას პროგნოზირებენ, რაც გაცემული ნებართვების სტატისტიკითაც დასტურდება. 2025 წელს მშენებლობის უფლება სულ 11.4 მლნ კვ.მ ფართობზე გაიცა. აქედან ლომის წილი დედაქალაქზე მოდის (6.4 მლნ კვ.მ), მეორე ადგილზე კი აჭარის რეგიონია (1.9 მლნ კვ.მ). აღსანიშნავია, რომ ნებართვების 77%-ს კვლავ საცხოვრებელი ტიპის შენობები იკავებს.

ეკონომიკური სარგებლის პარალელურად, დღის წესრიგში მწვავედ დგება ურბანული მდგრადობის საკითხი. წლების განმავლობაში მიმდინარე ქაოსური განაშენიანების შედეგები - საცობები, ეკოლოგიური პრობლემები და ინფრასტრუქტურული დეფიციტი - მწვანე სივრცეების შენარჩუნების აუცილებლობას კიდევ უფრო ზრდის.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს დასრულებული ბინების რაოდენობა პიკს მიაღწევს:

  • თბილისი: 35 000 ბინა (შედარებისთვის: 2022-ში - 16 000, 2023-ში - 21 000, 2024-ში - 20 000, 2025-ში - 18 000);
  • ბათუმი: 18 000 ბინა.

ხარჯები და გამოწვევები

მშენებლობების დასრულების ასეთი მასშტაბი პირდაპირ აისახება სარემონტო მასალების ინდუსტრიაზე, თუმცა სექტორი ახალი რისკების წინაშეა. ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მოსალოდნელია მასალების გაძვირება, რაც საბოლოო ღირებულებაზეც აისახება.

2025 წლის მონაცემებით, მშენებლობის თვითღირებულების სტრუქტურა ასეთია:

  • სამშენებლო მასალები: 50%;
  • შრომის ანაზღაურება: 31%.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელფასების ზრდა იყო ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. 2022 წლიდან მოყოლებული სექტორში ანაზღაურება წლიურად საშუალოდ 19%-ით იზრდებოდა, 2024 წელს კი ამ მაჩვენებელმა 24%-ს მიაღწია. წელს მოსალოდნელია ტემპის დასტაბილურება - ვარაუდობენ, რომ მშენებლობის საერთო ღირებულებისა და მისი კომპონენტების ზრდა 8-9%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა